Sep 22, 2011

IRB-მ წინსვლა დაინახა


მსოფლიოს 2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებული ორი მატჩით რაგბის საერთაშორისო საბჭოში (IRB) აღფრთოვანებულები არიან. ქართული მხარე მსოფლიო რაგბის მამებს უმტკიცებს, რომ მეტი პროგრესისთვის ძლიერ მეტოქეებთან მეტი თამაშების ჩატარებაა საჭირო და რა გამოვა ამით, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
მანამდე კი, IRB-ს ოფიციალურ საიტზე საქართველოზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა:
“შოტლანდიასთან 6:15 დამარცხებისა და ინგლისთან ჩატარებული კარგი მატჩის შემდეგ, სადაც ანგარიში 10:41 სულაც არ ასახავს მის შინაარსს და ქართველთა წარმატებულ თამაშს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი დარწმუნებულია, რომ ქართულ რაგბის დიდი მომავალი აქვს და მან ამ მსოფლიო თასზე თავისი პოტენციალი წარმოაჩინა.
“იმ ადამიანებისგან, რომელთა წინააღმდეგაც ვითამაშეთ და რომლებმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს თამაშს უყურა, დიდი პატივისცემა დავიმსახურეთ”, - თქვა დიქსონმა ინგლისთან მატჩის შემდეგ, სადაც მისი გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა.
პირველი ტაიმის სტატისტიკური მონაცემები ქართველთა სასარგებლოდ მეტყველებს: ტერიტორიის 75 პროცენტი. ბურთის ფლობის 56 პროცენტი და ჯარიმები 11:3 მათ სასარგებლოდ. მაგრამ შერკინების ნახევარმცველმა მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმები ძალიან ცუდად შეასრულა, საჭირო ქულები ვერ დააგროვა და ამან ქართველთა ასეთი დიდი უპირატესობა გამოუყენებელი დატოვა. დიქსონი ძალიან მორიდებულია, გუნდის კონკურენტუნარიონობის გაზრდას მხოლოდ თავის თავს არ აბრალებს და უბრალოდ ბედნიერია, რომ ქართული რაგბის განვითარებაში გარკვეული წვლილი თავადაც მიუძღვის.
ამ განვითარებამ იმპულსი ქართველი მორაგბეების 2007 წლის მსოფლიო თასზე კარგმა თამაშმა მისცა, სადაც მათ RWC-ზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს - ნამიბია საფრანგეთის ქალაქ ლანსში 30:0 გაანადგურეს.
არსებობს რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) სტრატეგიული განვითარების პროგრამა, რომელიც მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს ფინანსურად ეხმარება, ასევე, უპრეცედენტო ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობისგან და ამან რაგბი ქვეყანაში სპორტის ნაციონალურ სახეობად აქცია. ქართული რაგბის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2008 წლის თებერვალში აირჩიეს და ქართულ რაგბის ერთ დიდ ოჯახად მოიხსენიებს. 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, მან უდიდესი სამუშაო გაწია, მუხლჩაუხრელი შრომით, ოფიციალური შეხვედრებისა თუ უბრალო გართობის დროს, მუდამ წინსვლაზე ფიქრობს და ქვეყნის რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა.
“იმისთვის, რომ მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდე, აუცილებელია, რომ მათ მხოლოდ მინდორზე, სათამაშო დონით კი არა, მის გარეთ არსებულ ყველა კომპონენტში გაუთანაბრდე. საქართველოში მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ქართული რაგბის განვითარებისთვის ფულს და სიცოცხლესაც კი არ ზოგავენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არაა და მეტი განვითარებისთვის ბევრად მეტი ფინანსები გვჭირდება”, - განაცხადა ნიჟარაძემ.
ის ბედნიერია იმით, რომ ნაკრები გუნდის განვითარებისთვის ისეთი გამოცდილი სპეციალისტი მიიწვია, როგორიც შოტლანდიის ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი რიჩი დიქსონია. სანამ დიქსონი ერთი წლის წინ “ბორჯღალოსნების” მთავარ მწვრთნელად დაინიშნებოდა, IRB-ს ეგიდით განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე მუშაობდა.
დიქსონის გუნდში შედიან შეტევის სპეციალისტი დონ კასკი და ავსტრალიელი ჯონ მაგლტონი, რომელიც 1999 წლის მსოფლიო თასზე ავსტრალიის ნაკრების დაცვის მწვრთნელი იყო. სწორედ მაგლტონის დაცვითი საიდუმლოებების წყალობით, მაშინ “ვოლაბებმა” 6 მატჩში მხოლოდ 1 ლელო გაუშვეს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ინვესტიციებმა და ახალმა სამწვრთნელო მიდგომამ ქართველთა სტანდარტები გააუმჯობესა, მაგრამ ისინი ძლიერ მეტოქეებთან პაექრობის ნაკლებობას განიცდიან და ეს წინსვლას აფერხებს. სწორედ ამ ფაქტორს გაუსვა ხაზი ვეტერანმა მეორეხაზელმა ილია ზედგინიძემ ინგლისთან განცდილი მარცხის შემდეგ.
“ჩვენ გვჭირდება ამ დონის მატჩების ხშირად ჩატარება, რათა მომავალში უკეთ გამოვიდეთ”, - თქვა ზედგინიძემ, რომელიც ქართველთა თამაშით კმაყოფილი იყო. მას ნიჟარაძეც ეთანხმება: “ჩვენი უმთავრესი პრობლემა ძლიერ გუნდებთან თამაშების ნაკლებობაა”.
მეტი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, საქართველომ ევროპის “ერთა თასზე”, რომელიც “ექვსი ერის” ქვემდგომი ტურნირია, 21 შეხვედრაში მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა. დიქსონსა და ნიჟარაძეს მიაჩნიათ, დადგა დრო, რომ საქართველოსა და ქვედა დონის სხვა ქვეყნებს ძლიერ გუნდებთან მეტი თამაშის გამართვის საშუალება მიეცეთ, რათა იქ რაგბი კიდევ უფრო განვითარდეს.
“როდესაც ასეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, რეალობას არ უნდა დავშორდეთ, თუმცა, ვფიქრობ, ალტერნატიული ვარიანტების გამონახვაც შეიძლება. ორ წელიწადში ერთხელ მაინც, ყველას უნდა მოგვეცეს ერთმანეთთან თამაშის უფლება”, - ამბობს ნიჟარაძე.
ასეთი მიდგომა გადამწყვეტი იქნებოდა საქართველოს დარი გუნდების კონკურენტუნარიანობისთვის, მაგრამ ქართული რაგბის განვითარება მხოლოდ ამ საკითხზე არაა დამოკიდებული. ამჟამად საქართველოს შიდა ჩემპიონატში 16 გუნდი თამაშობს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან დაყოფილი და მათში დაახლოებით 700 მორაგბეა გაწევრიანებული. სამაგიეროდ, გაორმაგდა 6-დან 12 და 16-დან 20 წლამდე მორაგბეთა რაოდენობა.
“მართალია მსოფლიო თასი მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ უკვე ვფიქრობთ 2015 წელზე. დაახლოებით 90 პროცენტი იმ მორაგბეებისა, რომლებიც ახლა ჩვენს გუნდში ირიცხებიან, რაგბის 2015 წელსაც ითამაშებენ. ამრიგად, სერიოზული წყვეტა და ჩავარდნა არ გვექნება” - განაცხადა დიქსონმა.
2011 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი, რათა თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვოს, მაგრამ ნიჟარაძე ამბობს, რომ ამაყობს თავისი მორაგბეებით, რადგან გრძნობს, მათმა უშიშარმა თამაშმა ქვეყანას უდიდესი სიამაყე შესძინა”.

დიქსონს შორსმიმავალი გეგმები აქვს

No comments:

Post a Comment