Sep 13, 2011

საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა


საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 14 სექტემბერს შოტლანდიასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. რიჩი დიქსონის გუნდმა 13 სექტემბერს ინვერკარგილის „რაგბი პარკ სტედიუმზე", რომელიც საქართველო - შოტლანდიის დაპირისპირებას უმასპინძლებს კაპიტნის ვარჯიში გამართა. ქართველი მორაგბეების ვარჯიშის ამსახველი ფოტომასალა ზელანდიიდან სამინისტროს ფოტოგრაფმა თამუნა ყულუმბეგაშვილმა მოგვაწოდა და მას აქვე გთავაზობთ.

„ბორჯღალოსნები" ვარჯიშისა და უშუალოდ მატჩისთვის მზადების გარდა საქველმოქმედო ღონისძიებებისთვისაც იცლიან - ქართველი მორაგბეები იქაური დროით 17:00 საათზე ბავშვთა საავადმყოფოს ეწვივნენ, პატარა ზელანდიელები სტუმრობით გაახარეს და სხვადასხვა საჩუქრები, ჩვენი ეროვნული ნაკრების ატრიბუტიკა უსახსოვრეს.

13 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს ნაკრების თავკაცის რიჩი დიქსონის პრესკონფერენციაც, სადაც შოტლანდიელმა სპეციალისტმა თედო ზიბზიბაძე და შალვა სუთიაშვილი იახლა. დიქსონს თავიდან ჟურნალისტები რუმინეთ-შოტლანდიის თამაშზე დაეკითხნენ, სადაც შოტლანდიამ „სტეჟარს" დიდი გაჭირვებით აჯობა.
რიჩი დიქსონი:" ჩვენმა მეტოქემ რუმინეთთან რთული თამაში მოიგო და ამიტომ კიდევ უფრო ყურადღებით იქნება, რისი დასტურიც მათი მხრიდან შერკინების გაძლიერებაა, რაც მოულოდენელი სულაც არ იყო. ვცდილობთ, რომ ყველა კომპონენტში თანაბრად კარგად ვითამაშოთ, მნიშვნელობა არ აქვს შერკინება იქნება ეს თუ უკანა ხაზი. საქართველოში რაგბი პროგრესს განიცდის, ვითარდება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რაგბის მოთამაშეთა რიცხვი გაორმაგდა. ეს კი, ადრე თუ გვიან აუცილებლად შედეგს გამოიღებს."

თედო ზიბზიბაძე: " ახალი ზელანდიის მსოფლიოს თასზე თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა. შოტლანდიას კი ეს არ აკლია. ამიტომ, მათ ისე უნდა ვეთმაშოთ, რომ ერთი შეცდომაც არ დავუშვათ. ვფიქრობ, საამისოდ მზად ვართ."

შალვა სუთიაშვილი: "მსოფლიოს თასზე პირველად ვთამაშობ, ამისთვის ოთხი წელი ვემზადებოდი. ჩვენ ნაკრებებს შორის დონეთა სხვაობა დიდი არ არის. საქართველოს ნაკრებს ჰქონდა რამდენიმე სერიოზულ გუნდთან შერკინების საშუალება, შოტლანდიის ნაკრებთანაც აქამდე ორჯერ გვითამაშია." 

No comments:

Post a Comment