Sep 22, 2011

ტობი ფლადი: “ქართველებთან მატჩისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ”


ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მგეზავი ტობი ფლადი მიიჩნევს, რომ ქართველებთან მატჩისგან ბევრი რამ უნდა ისწავლონ, სწორი დასკვნები გამოიტანონ და თუ გუნდი ერთ მუშტად შეიკვრება, დასახული ამოცანის გადაჭრა არ გაუჭირდებათ.
ქართველებთან მატჩამდე ინგლისელებმა არგენტინას დიდი გაჭირვებით სძლიეს - 13:9, “ბორჯღალოსნებს” კი, ექვსი ლელო გაუტანეს და 41:10 დაამარცხეს, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი მარტინ ჯონსონი ძალიან გაბრაზებული დარჩა. საქმე ისაა, რომ პირველ ტაიმში და მეორე ტაიმის საწყის ოც წუთში, მერაბ კვირიკაშვილმა ხუთი ისეთი ჯარიმა გააფუჭა, რომლებსაც სხვა გუნდები, სავარაუდოდ, ქულებად აქცევენ. საათის თავზე ინგლისი სულ რაღაც 22:10-ს იგებდა, არადა, შეიძლებოდა ტაბლოზე 25:22 ყოფილიყო ქართველთა სასარგებლოდ და ეს “ვარდებს” ძალიან ძვირად დაჯდომოდათ.
“ვფიქრობ, ეს სიტუაცია საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. ქართველებისგან სერიოზული ჭიტლაყი მივიღეთ, ახლა ერთად უნდა დავსხდეთ, შეცდომები გავაანალიზოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია, რომ მსოფლიო თასზე ორიდან ორი შეხვედრა მოვიგეთ, თანაც როგორი მძიმე მატჩები, ახლა კი, ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და მიზნისკენ სწრაფვა გაათმაგებული ძალებით გავაგრძელოთ”, - თქვა ფლადმა.
ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის ნაკრებს კიდევ ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 24 სექტემბერს რუმინეთს ეთამაშება, ხოლო 1 ოქტომბერს - შოტლანდიას. რაც შეეხება მათ გეგმებს, ჯონსონს მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა აქვს დაგეგმილი.

No comments:

Post a Comment