Sep 22, 2011

"ბორჯღალოსნებს" მასტერტონის მერმა უმასპინძლა


ახალ ზელანდიაში, მსოფლიოს თასის მონაწილე საქართველოს ნაკრები ამჟამად ქალაქ მასტერტონში იმყოფება. "ბორჯღალოსნებს" ქალაქის მერიაში მიღება გაუმართეს. 

მერის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სცენა ადგილობრივ სიმღერის გუნდს დაუთმეს, რომელმაც საქართველოს ჰიმნი ჯერ ქართულად იმღერა, მერე კი ინგლისურად. უნდა ითქვას, რომ ნათარგმნი ორიგინალს არაფრით ჩამოუვარდებოდა. 

ცხადია, საქმეში ქართული დელეგაციის წარმომადგენელი, ქართული ხმების მომღერალი გივი ჭიჭინაძე ჩაერთო, რომელსაც მაორებმა "ტე ტანე კაი ვაიატა" შეარქვეს. ქართულად ეს ნიშნავს, კაცი, რომელიც მღერის. მან მასპინძლებს იტალიური ოპერიდან ორი არია მიუძღვნა, რამაც ცხადია დიდი ოვაციები გამოიწვია. 

შეხვედრას ესწრებოდა ლეგენდარული პიროვნება, მასტერტონის მკვიდრი ბრაიან ლოჰორი, რომელიც 1987 წელს გამართულ მსოფლიოს თასზე ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელი იყო. მაშინ "ოლ ბლექსი" ჩემპიონი გახდა და მას შემდეგ მიღწეულის გამეორებას ვერაფრით ახერხებს. 

ლოჰორი საქართველოს ნაკრების ლიდერთან, მამუკა გორგოძესთან მივიდა და სახსოვრად მცირე სუვენირი უბოძა.

No comments:

Post a Comment