საქართველოში რაგბი პოპულარობით ფეხბურთის შემდეგ მეორე ადგილზეა, მაგრამ ერთი რამ უდავოა - რაგბი ყველაზე წარმატებული სპორტის სათამაშო სახეობაა და ამაზე ნაკრების შედეგები თავისთავად მეტყველებს. ხუმრობა ხომ არაა, ქართველმა “ბორჯღალოსნებმა” ზედიზედ მესამედ მოიპოვეს მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება (2003 წლის ავსტრალიის, 2007 წლის საფრანგეთისა და 2011 წლის ახალი ზელანდიის) და ახლა ნაკრები გამალებით ემზადება, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახოს, რომ ქართველებს რაგბის თამაში სხვებზე ცუდად არ ეხერხებათ.
საქართველოში რაგბის დანერგვის წარუმატებელი მცდელობები ადრეულ წლებში ჰქონდათ - 1928, 1940 და 1948 წლებში, მაგრამ მაშინ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა. 1950-იანი წლების ბოლოდან 1960-იანი წლების შუა პერიოდამდე, საქართველოში მარსელიდან ჟაკ ასპეკიანი იმყოფებოდა და ადგილობრივ სტუდენტებს ოვალური ბურთის სიყვარულს უნერგავდა. ასპეკიანი 60-იანი წლების ბოლოს სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა მანამდე ამ სპორტის სიყვარულმა ქართველებში თავისი ადგილი მოიპოვა. 1959 წლის 15 ოქტომბერს, თბილისის უმაღლესი სასწავლებლის ახლად დაარსებულმა კლუბმა თავისი პირველი შეხვედრა გამართა (ახლა ამ გუნდს “ყოჩები” ეწოდება) და ამ თამაშს სულ 20-მდე მაყურებელი დაესწრო. 1961 წელს სამმა თბილისურმა კლუბმა შიდა გათამაშება, თბილისის ჩემპიონატი დააარსა, მომდევნო წელს კი, პირველი ქართული კლუბი მოსკოვურ ტურნეში გაემგზავრა და რუსულ კლუბთან გამარჯვება მოიპოვა. იმავე წელს, ქართულმა კლუბებმა ტურნე მოაწყვეს რუსეთსა და ლატვიაში, 1963-ში კი, საბჭოთა კავშირის სარაგბო ჩემპიონატი ოფიციალურად დაარსდა.
საქართველოს რაგბის კავშირი 1966 წელს დაარსდა, როგორც საქართველოს რეგიონული ფედერაცია და ამავე პერიოდიდან, ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ახლად დაარსებულ ჩემპიონატში ჩაერთვნენ, საუკეთესო მორაგბეები კი, საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიიწვიეს. მართალია, პირველ ჩემპიონატში მოსკოვის გუნდმა იმარჯვა, მაგრამ თავი არც თბილისის “დინამომ” შეირცხვინა და ვერცხლის მედლები მოიპოვა, მომდევნო წელს კი, თბილისის “ლოკომოტივმა” მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო 1978 წელს საბჭოთა კავშირის თასი მოიპოვა. ქართულმა კლუბებმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა 1980-იანი წლების ბოლოს მოიპოვეს. 1987 და 1988 წლებში ეს პატივი ქუთაისურ “მშენებელს” ხვდა წილად (1987 წელს ის საბჭოთა კავშირის თასის მფლობელიც გახდა), 1989-ში კი, საბჭოთა კავშირის პირველობაზე ქუთაისის “აიამ” იმარჯვა.
1990 წელს საქართველოს რაგბის კავშირი საბჭოთა კავშირს ჩამოშორდა და პირველი დამოუკიდებელი ჩემპიონატიც ჩატარდა. საქართველოს რაგბის კავშირი IRB-ს და FIRA-AER-ის წევრი 1992 წელს გახდა, თუმცა, ნაკრების ისტორია ცოტა უფრო ადრე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში სნგ-ს ნაკრები დაარსდა და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი წევრები სწორედ ამ გუნდის სახელით თამაშობდნენ, საქართველოს რაგბის კავშირმა ეს გუნდი შორს დაიჭირა და საკუთარი ნაკრები ჩამოაყალიბა. “ბორჯღალოსნებმა” პირველი სანაკრებო შეხვედრა 1989 წლის მიწურულს ქუთაისში გამართეს და ზიმბაბვეს ნაკრებს 16:3 სძლიეს. ამ ნაკრებების დაპირისპირება მომდევნო წელსაც შედგა, როდესაც ქართველები ზიმბაბვეს ეწვივნენ და ჯერ 16:22 დამარცხდნენ, ერთ კვირაში კი, 26:10 იმარჯვეს.
1992 წლამდე, ანუ IRB-ში გაწევრიანებამდე, საქართველოს კონკურენტების მოძიება უჭირდა და ამის გამო იძულებული იყო, მხოლოდ უკრაინასთან თამაშით შემოფარგლულიყო. 1992 წლის ივლისში “ბორჯღალოსნებს” კიევში მყოფი ლატვიის ნაკრებთანაც მოუწია გაჯიბრება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართველთა ნაკრები დაუმარცხებლად თამაშობდა. რაგბის მსოფლიოს საბჭოში და FIRA-AER-ში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ნაკრები 1995 წლის მსოფლიოს თასის საგზურისთვის 1993 წელს პოლონეთში რუსეთს და ადგილობრივ ნაკრებს შეხვდა. სამწუხაროდ, “ბორჯღალოსნებმა” ორივე მატჩში მარცხი განიცადეს და მსოფლიო თასს ვერ უწიეს. უნდა ითქვას, რომ ეს იყო პირველი და დღემდე ერთადერთი მარცხი, რომელიც საქართველომ რუსეთის ნაკრებთან განიცადა (9:15).
1993 წლიდან “ბორჯღალოსნები” ევროპის ფირა-ს გათამაშებაში ჩაერთვნენ და სპარინგების ნაკლებობას აღარ უჩიოდნენ, თუმცა, მეტოქეთა დონე ჩვენსას ბევრად ჩამოუვარდებოდა. 1993-დან 1996 წლამდე, საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირზე 10 შეხვედრა გამართა და მხოლოდ ერთი, ლუქსემბურგთან, ფრედ დაასრულა და ამსტერდამში ჰოლანდიასთან 3:55 დამარცხდა (პირველი ტაიმის შემდეგ, ქართველები 3:0-ს იგებდნენ და მთელი 55 ქულა მეორე ნახევარში გაუშვეს). 1996 წელს თბილისს პირველად ეწვია რუსეთის ნაკრები და 75000-იან გადაჭედილ “ბორის პაიჭაძეზე” “ბორჯღალოსნებმა” პრინციპული მეტოქე 29:20 დაამარცხეს. საქართველო რუსეთს 1998 წელს მსოფლიოს თასის შესარჩევი მატჩის ეგიდით შეხვდა და 12:6 გაიმარჯვა. მანამდე საქართველომ ხორვატია და დანია დაამარცხა, მაგრამ თავად ლაკვილაში იტალიასთან 14:31 წააგო და მომდევნო შესარჩევ ეტაპზე ირლანდიასთან და რუმინეთთან მოხვდა. ირლანდიამ დიდი ანგარიშით დაგვამარცხა - 70:0, რუმინეთმა კი, ოდნავ გვაჯობა - 27:23 (ორივე შეხვედრა 1998 წელს დუბლინში შედგა) და რეპეშაჟში ტონგასთან მოვხვდით. პირველი მატჩი ნუკუალოფაში გაიმართა და მასპინძლებმა 37:6 გვაჯობეს. იქიდან საქართველოს ნაკრებს თან მწვრთნელი არ ჩამოყოლია, რადგანაც “ბორჯღალოსნებმა” სასტუმროს ხარჯები ვერ დაფარეს და დავალიანების გასტუმრებამდე ტონგელებმა მწვრთნელი გურამ მოდებაძე მძევლად დაიტოვეს. თბილისურ მატჩში საქართველოს ნაკრები ტონგას მაგრად ეჭიდავა (ამ შეხვედრის წინ თბილისელმა მაყურებელმა ცოცხლად იხილა ტონგელთა “ჰაკა”), მეტოქე 28:27 დაამარცხა, პირველი შეხვედრის ფორა ვერ “ამოქაჩა” და მსოფლიოს თასს მიღმა დარჩა.
ეს პერიოდი ქართული რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. 1997 წელს დამოუკიდებელ საქართველოს პირველად ეწვია რუმინულ კლუბთა ნაკრები. პირველ მატჩში კარპატელებმა საქართველოს ნაკრები 22:3 დაამარცხეს, მერე საქართველოს სტუდენტურ ნაკრებს 32:23 აჯობეს, თუმცა, ქართველმა მორაგბეებმა და მწვრთნელებმა სწორი დასკვნები გააკეთეს და ბოლო შეხვედრაში “ბორჯღალოსნებმა” მომხვდურს 19:6 აჯობეს. ამავე პერიოდში საქართველოში ფრანგი სპეციალისტი კლოდ სორელი ჩამოვიდა და თავდაპირველად საქართველოს 7-კაცა ნაკრები ჩაიბარა. მან ქართველი მორაგბეების ნიჭი სათანადოდ დააფასა და ქართველებს ფრანგული კლუბებისკენ გზა გაუხსნა. სორელიმ ეროვნული ნაკრები 1999 წელს ჩაიბარა და გუნდი 2003 წლის მსოფლიოს თასზე გაიყვანა, “ბორჯღალოსნების” ძირითადი ბირთვი კი, ახლაც ფრანგულ კლუბებში თამაშობს და ეს ქართველი მორაგბეების კლასის ამაღლებას ეხმარება.
2000 წელს ევროპის რაგბის კავშირმა დონით მეორე სანაკრებო ტურნირი - ევროპის ერთა თასი დააარსა და “ბორჯღალოსნებმა” პირველ წელს რუმინეთის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავეს. პირველ გათამაშებაში 5 გუნდი ერთ წრედ თამაშობდა, ქართველებმა დაამარცხეს პორტუგალია (32:30) და ჰოლანდია (41:6), მაგრამ დამარცხდნენ რუმინეთთან (20:23) და ესპანეთთან (32:36). იმავე წელს საქართველოს ნაკრები ეთამაშა იტალიას და დამარცხდა 7:51, მერე კი, მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდა და 20:10 იმარჯვა. 2001 წლის ერთა თასზე გუნდების რაოდენობა 6-მდე გაეზარდა, ზემოთ აღნიშნულ გუნდებს რუსეთი დაემატა. იმ წელს საქართველომ დაუმარცხებლად ითამაშა, ამსტერდამში დაამარცხა ჰოლანდია 32:3, თბილისში პორტუგალია 32:3, კრასნოდარში რუსეთი 25:23, რუსთავში ესპანეთი 43:10 და გადამწყვეტ შეხვედრაში ბუქარესტში რუმინეთი - 31:20. წლის ბოლოს თბილისს წონიანი სტუმრები ყავდა. “ბორჯღალოსნებმა” დაამარცხეს საფრანგეთის მეორე ნაკრები 24:20 და დამარცხდნენ სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან 17:31.
2001 წელს საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა პირველად ითამაშა მსოფლიოს თასზე და მე-10 ადგილი დაიკავა. მომდევნო წლიდან ერთა თასი ორწლიანი ციკლით, შინ და გარეთ თამაშით ჩატარდა და საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2002 წლის 3 თებერვალს საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიასთან ძველი ჯავრი იყარა და მეტოქე იმ პერიოდისთვის სარეკორდო ანგარიშით - 88:0 გაანადგურა. იმავე წლის 3 მარტს “ბორჯღალოსნებმა” რუსეთს “ბორის პაიჭაძეზე” 65000 მაყურებლის თვალწინ უმასპინძლეს და ამ მაჩვენებლით ერთა თასის მატჩებზე დასწრების რეკორდი მოხსნეს, თუმცა მეზობლების დამარცხება ვერ მოახერხეს და მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ - 12:12. იმავე წელს “ბორჯღალოსნები” 2003 წლის ავსტრალიის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვნენ, დუბლინში ირლანდიასთან 14:63 დამარცხდნენ, თუმცა, თბილისში რუსეთს 45000 მაყურებლის თანდასწრებით 17:13 მოუგეს და ავსტრალიის საგზურს დაეუფლნენ. ეს იყო უმნიშვნელოვანესი, ისტორიული გამარჯვება. არადა, ერთი ხანობა რუსეთი 13:9 დაწინაურდა, თუმცა, საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბე ლევან ცაბაძემ პირველი ტაიმის მიწურულს ლელო დადო და საქართველო შესვენებაზე ლიდერის რანგში გავიდა - 14:13, მეორე ნახევარში კი, უპირატესობა ერთი ჯარიმით კიდევ გაზარდა და გამარჯვება მოიპოვა. ამის შემდეგ იყო უსიამოვნო მომენტი, სორელმა ცაბაძე მსოფლიო თასზე არ წაიყვანა და უდიდესი სარაგბო ტურნირის მიღმა დატოვა, რის შემდეგაც “ლეონსიო” ნაკრებს დაემშვიდობა.
ავსტრალიაში საქართველოს ნაკრებმა ყველა შეხვედრა დათმო, მაგრამ თავი არ შეურცხვენია. მომავალმა მსოფლიოს ჩემპიონმა ინგლისმა, ჩვენებურებს 84:6 აჯობა და ეს შედეგი დღემდე რჩება ქართველ მორაგბეთა ყველაზე დიდი სხვაობით მარცხად, სამოამ 46:9 დაგვამარცხა, სამხრეთ აფრიკასთან მსოფლიოს თასზე პირველი ლელო დავდეთ და მხოლოდ 19:46 დავთმეთ, ურუგვაიმ კი, 24:12 გვაჯობა და მსოფლიოს თასზე პირველი გამარჯვების მოპოვების შანსი არ დაგვიტოვა.
2003-2004 წლის ერთა თასი საქართველოსთვის წარუმატებელი გამოდგა. ამჯერად, რუმინეთთან ერთად პორტუგალიამაც გვაჯობა და მხოლოდ მე-3 ადგილს დაგვაჯერა. 2004 წელს საქართველო ეგრეთ წოდებულ საკონტინენტთაშორისო გათამაშებაში ჩაება და გასვლაზე ურუგვაისთან 7:17, ჩილესთან კი 24:30 დამარცხდა. ამ მეტოქეებთან რევანშის აღების შანსი 2005 წელს მოგვეცა და თბილისში ჩილე 29:6 დავამარცხეთ, თუმცა, მუხთალმა ურუგვაიმ საქართველოს დედაქალაქამდე “ვერ ჩამოაღწია” და ეს წყენა წყენად დაგვრჩა. სამაგიეროდ, IRB-მ მეტად ხელსაყრელი პირობა შემოგვთავაზა. ურუგვაის არდასჯის სანაცვლოდ იაპონური ტურნე და “ბარბაროსების” სტუმრობა შემოგვთავაზა. ქართული მხარე წინადადებას დათანხმდა და 2006 წელს იაპონიას ესტუმრა. ქართველთა შეთხელებული გუნდი ჯერ იაპონიის A ნაკრებს ეთამაშა და პირველ ტაიმში 16 ქულა გააკეთა, მაგრამ მეორეში მონაგარი ვეღარ გაზარდა და 16:17 დამარცხდა. მომდევნო მატჩი 14 მაისს იაპონიის მთავარ ნაკრებთან შედგა და მასპინძლებმა ოსაკაში 32:7 იმარჯვეს. ამავე წლის 4 ივნისს თბილისში “ბარბაროსები” გვეწვივნენ და სახალისო მატჩში საქართველოსთან 28:19 იმარჯვეს, თუმცა, ამ დაპირისპირებებმა საქართველოს უდიდესი გამოცდილება შესძინა.
მანამდე ჩვენი უპირველესი გუნდი 2005-2006 წლების ერთა თასზე ჩაება და ტურნირი მე-2 საფეხურზე დაამთავრა. ამ გათამაშებაში განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი რამდენიმე შედეგია. რუსეთს ჯერ კრასნოდარში 27:15 ვაჯობეთ, მერე კი, თბილისში მათთან იმ მომენტისთვის სარეკორდო ანგარიშით - 46:19 ვიმარჯვეთ. სარეკორდო ანგარიშით - 40:0 დავამარცხეთ პორტუგალიის ნაკრები, ვისთანაც იმ მომენტში უარყოფითი ბალანსი გვქონდა (მანამდე პორტუგალიამ 3-ის წილ 4-ჯერ დაგვამარცხა და ამ მოგებით მათთან ბალანსი თანაბარი გახდა), რუმინეთის ნაკრებთან კი, თბილისში 20:13 ვიმარჯვეთ და მის შემდეგ მეორე ადგილი დავიკავეთ. ერთა თასზე დაკავებულმა მე-2 ადგილმა, შედარებით იოლ მსოფლიოს თასის შესარჩევ ჯგუფში მოგვახვედრა. რუმინეთში 8:20 მარცხის შემდეგ, თბილისში ესპანეთი 37:23 დავამარცხეთ და რეპეშაჟში პორტუგალიას დავუპირისპირდით. თბილისში “ბორჯღალოსნებმა” 17:3 მოიგეს, განმეორებით მატჩში ლისაბონში ფრეს (11:11) მიაღწიეს და საფრნგეთის საგზური დაიბევეს.
მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვების შემდეგ, 2007 წლის დასაწყისში “ბორჯღალოსნები” 2007-2008 წლების ერთა თასის გათამაშებაში ჩაერთვნენ და პირველ შეხვედრაში რუმინელები ბუქარესტში 20:17 დაამარცხეს. ამ მოგებით ერთა თასის ხელმეორედ მოპოვების შანსი გაგვიჩნდა და თანაც, ანთიმოზ ივერიელის თასიც თბილისში წამოვიღეთ (ანთიმოზ ივერიელის თასი საქართველოს რაგბის კავშირმა 2002 წელს ერთმორწმუნე რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების საევროპისთაშო შეხვედრებში გამარჯვებულისთვის დააარსა). სამწუხაროდ, მეორე შეხვედრისთვის ძირითადი შემადგენლობის შეგროვება ვერ მოხერხდა და ლამის მესამე შემადგენლობით ჩასული საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 17:31 დამარცხდა. ერთ კვირაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის თბილისში 31:12 დამარცხებით ხასიათი გამოიკეთა, მერე კი, ასევე თბილისში ჩეხეთი თავისთვის დღემდე სარეკორდო ანგარიშით - 98:3 დაამარცხა. მსოფლიოს თასამდე საქართველოს ნაკრებმა IRB-ს მიერ დაარსებულ ერთა თასზე რუმინეთში ითამაშა და 6 გუნდში მე-3 ადგილი დაიკავა. ქართველებმა დაამარცხეს მსოფლიო თასზე მომავალი მეტოქე ნამიბია - 26:18. ნამიბია ის გუნდი იყო, რომლის დამარცხებასაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელები საფრანგეთშიც გეგმავდნენ. შემდეგ შეხვედრაში ქართველები სამხრეთ აფრიკის 23-წლამდელთა ნაკრებთან 7:24 დამარცხდნენ, მერე კი, იტალიის A ნაკრებს 22:20 სძლიეს.
2007 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრები ქართველ მწვრთნელთა ტრიომ გაიყვანა - მალხაზ ჭეიშვილი, დავით ჩავლეიშვილი და პაატა ნარიმანაშვილი. მათ ეხმარებოდნენ ფრანგი კონსულტანტი ანრი ბრონკანი და ფიზმომზადების მწვრთნელი ნიკოლა ფულკიე. გარდა ამისა, გუნდს ფეხით თამაშის დახვეწაში ეხმარებოდა IRB-ს მიერ გამოყოფილი ინგლისელი მწვრთნელი ჯონ ბარნსი. საფრანგეთში “ბორჯღალოსნები” ე.წ. “სიკვდილის ჯგუფში” მოხვდნენ და თავიანთი თამაშით გრანდებს სიცოცხლე კიდევ უფრო დაუმძიმეს. კარგად მომზადებულმა გუნდმა თავის მეორე მსოფლიო თასზე ისეთი თამაში აჩვენა, რომ მთელი სარაგბო სამყარო აალაპარაკა. პირველ შეხვედრაში ქართველთა მეტოქე ის არგენტინა იყო, რომელმაც მოგვიანებით ორჯერ დაამარცხა მასპინძელი საფრანგეთი და მესამე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა პირველი ნახევარი სულ რაღაც 3:6 დათმო და მეორე ტაიმშიც მაგრად იომა, მაგრამ საუკეთესო ფორმაში მყოფმა სამხრეთამერიკელებმა დასკვნით 40 წუთში ოთხი ლელოს გატანა მოახერხეს და 33:3 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ პრემიალური ქულის მომტანი ლელო მათ მხოლოდ დამატებულ წუთებზე გაიტანეს. ოთხ დღეში საქართველოს ირლანდიასთან სასწაულამდე სულ ცოტა დააკლდა. ტაიმის 3:7 წაგების შემდეგ, გიორგი შკინინმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, ლელო გაიტანა და 45-ე წუთზე “ბორჯღალოსნები” 10:7 დაწინაურდნენ. ირლანდიამ ლიდერობა 10 წუთში დაიბრუნა, როდესაც ლელო-გარდასახვით 14:10 დაწინაურდა, ამის შემდეგ კი, საქართველოს ნაკრებმა მთელი 20 წუთის განმავლობაში, სახელოვანი ირლანდია საკუთარ 22-ში გამოკეტა, მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში ძალიან დიდი დრო გაატარა, რამდენჯერმე ხაზიც გადაკვეთა, მაგრამ ბურთის დამიწება ვერ მოახერხა. ქართველებმა ვერ დაიჯერეს, რომ ირლანდიის დამარცხება შეიძლებოდა და 10:14 დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ თამაშის შემდეგ ალაპარაკდა სარაგბო სამყარო საქართველოს ნაკრების სიძლიერეზე და ერთიც - 7-ქულაზე ნაკლები მარცხისთვის, “ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო თასზე თავისი პირველი ქულა მოიპოვეს. მერე იყო ნამიბიასთან მატჩი და მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება. აქვსენტი გიორგაძემ, ირაკლი მაჩხანელმა და დავით კაჭარავამ, აფრიკელებს სამი ლელო გაუტანეს, მერაბ კვირიკაშვილმა სამივე რეალიზაცია გამოიყენა და ზედ სამი ზუსტი ჯარიმა დაამატა - 30:0. ჯგუფის ბოლო მატჩში საფრანგეთთან 7:64 მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები სამშობლოში თავაწეული დაბრუნდა და ქართული რაგბი განვითარების სულ სხვა დონეზე გადავიდა. თბილისის ქუჩებში მომრავლდნენ ახალგაზრდები, რომელთაც ხელში ოვალური ბურთი ეჭირათ და სპორტის ამ სახეობის პოპულარობამ, მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა.
მსოფლიო თასის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ავსტრალიელი ტომ ლეინი დაინიშნა, რომლის მიზანიც ქართველთა ხაზის თამაშის გაუმჯობესება იყო. მან ქართველებს ერთა თასი პირველივე წელს მოაგებინა. 2008 წლის ერთა თასზე საქართველომ რუმინეთი თბილისში დღემდე ყველაზე დიდი სხვაობით, 22:7 დაამარცხა. თასის ბედი კრასნოიარსკში, გაყინულ მოედანზე გადაწყდა, სადაც “ბორჯღალოსნებმა” საგრძნობლად მოძლიერებულ რუსეთს თოვლსა და ყინვაში 18:12 აჯობეს. დასკვნით შეხვედრაში, თბილისში, ესპანეთის ნაკრებმა ქართველებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და პირველ ტაიმში 17:0 დაწინაურდა, მეორე ნახევარში მამუკა გორგოძემ სამი ლელო გაიტანა და მისმა გარჯამ გუნდს მოულოდნელად მძიმე მატჩში 22:20 მოაგებინა. მერე იყო ბუქარესტის ერთა თასი, სადაც შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან მხოლოდ 3:11 დამარცხდა, მერე ურუგვაის 20:18 სძლია, იტალიის A ნაკრები კი, 25:3 შეარცხვინა და სამხრეთ აფრიკის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. ეს წელიწადი ძალიან ცუდად დასრულდა, რადგან საქართველოს ნაკრები ნოემბერში შოტლანდიას ეწვია და ამ ქვეყნის A ნაკრებთან 3:69 შერცხვა.
2009 წელს, ქართული რაგბი თავის 50-წლიან იუბილეს ზეიმობდა. ევროპის ერთა თასზე “ბორჯღალოსნებმა” გერმანიის ძლევას თბილისში პორტუგალიასთან არცთუ დამაჯერებელი თამაში მიაყოლეს და ბოლო წუთზე გატანილი ლელოს შემდეგ, მერაბ კვირიკაშვილმა რთული რეალიზაცია გამოიყენა და თამაში ფრედ - 20:20 დასრულდა.
სამაგიეროდ, ქართველებმა მადრიდში ესპანეთი 55:11 გაანადგურეს, მერე თბილისში რუმინეთი 28:23 დაამარცხეს და რუსეთს უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დაუპირისპირდნენ, რადგან 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის შემდეგ, ევროპული რაგბის მმართველებმა ამ გუნდების შეხვედრების ნეიტრალურ მოედნებზე ჩატარება ბრძანა. “ბორჯღალოსნებმა” პირველივე წუთებიდან მოიპოვეს საგრძნობი უპირატესობა, ბოლოსკენ ცოტა მოეშვნენ და მეტოქეს მიახლოების საშუალება მისცეს, მაგრამ დასკვნითი სიტყვა ისევ ქართველების იყო და შეხვედრა 29:21 დასრულდა.
ივნისში საქართველოს ნაკრებმა ოკეანე გადაკვეთა და ჩრდილოეთ ამერიკაში “ჩერჩილის თასზე” ითამაშა, მაგრამ უძლიერესი შემადგენლობის შეკრება ვერ მოხერხდა და სამივე შეხვედრაში დიდი ანგარიშით დამარცხდა - კანადასთან 10:42, ირლანდიის A ნაკრებთან 5:40 და აშშ-სთან 13:31. იმავე წელს დაარსდა საქართველოს A ნაკრები და მან სადებიუტო მატჩებში პოლონეთის და უკრაინის ეროვნული ნაკრებები დაამარცხა, მერე კი, იუბილის აღსანიშნავად თბილისს არგენტინის A ნაკრები (“იაგუარები”) ეწვია და მაყურებელმა საინტერესო ბრძოლა იხილა. სამხრეთამერიკელებმა მეორე ტაიმში თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს, მაგრამ საქართველომ მოგება მაინც მოახერხა - 24:22. ამ წლის ბოლო თამაში იტალიაში, პალმა ნოვაში ამ ქვეყნის A ნაკრებთან შედგა და მასპინძლებმა 8:7 იმარჯვეს.
2009-2010 წლების ევროპის ერთა თასის შედეგებით, 2011 წლის მსოფლიო თასის საგზურიც თამაშდებოდა, ჰოდა ქართველები არ მოეშვნენ, გერმანია 77:3 გაანადგურეს, პორტუგალიას ლისაბონში 16:10 სძლიეს, მერე ესპანეთი 17:9 დაამარცხეს და ახალი ზელანდიის საგზური ნაადრევად მოიპოვეს. ერთა თასის მომდევნო შეხვედრაში რუმინელებმა ბუქარესტში 22:10 იმარჯვეს და დასკვნითი შეხვედრა თურქეთის ქალაქ ტრაბზონში, საქართველოსა და რუსეთს შორის შედგა. ამ თამაშს უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელი გუნდი დაიკავებდა ჯგუფში პირველ ადგილს. ტრაბზონში 6 ათასზე მეტი ქართველი გულშემატკივარი ჩავიდა და საყვარელი გუნდის ულამაზესი გამარჯვება იხილა. ქართველთა არეკნს რუსებმა ლელოთი უპასუხეს და 5:3 დაწინაურდნენ, თანაც, ამ დროს თავი გაუტყდა გუნდის კაპიტან ირაკლი აბუსერიძეს. მან გუნდი ძნელბედობის ჟამს არ მიატოვა და მიუხედავად სერიოზული ტრავმისა, მოედანზე მაინც დაბრუნდა. საქართველოს ნაკრებმა ლიდერობა მალევე დაიბრუნა, დავით ზირაქაშვილმა პირველხაზელის კვალობაზე საოცარი სიჩქარე აკრიფა და ულამაზესი ლელო გაიტანა. მერე “ბორჯღალოსნების” შეჩერება შეუძლებელი გახდა და რუსეთთან ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაც გამოცხვა - 36:8.
იმ წელს საქართველოს ნაკრები ბუქარესტში IRB-ს ერთა თასს დაუბრუნდა და შოტლანდიის A ნაკრებს თითქმის წაგებული შეხვედრა შემოუტრიალა - 22:21, მაგრამ მერე ჯერ იტალიის A ნაკრებთან შერცხვა (21:3), ბოლოს კი, მისთვის უმნიშვნელოვანეს, სარეიტინგო თამაშში ნამიბიის ეროვნულ გუნდთან 16:21 დამარცხდა. შედეგად, საქართველოს რაგბის კავშირმა ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო და მსოფლიო თასის დაწყებამდე ერთი წლით ადრე, ახალი ზელანდიის საგზურის და არაერთი სახელოვანი გამარჯვების მომტანი მთავარი მწვრთნელი ტიმ ლეინი, შოტლანდიელი რიჩი დიქსონით ჩაანაცვლა.
დიქსონის დებიუტი ნოემბრის ტესტებში შედგა. თბილისს ერთმანეთის მიყოლებით კანადის და აშშ-ის ეროვნული ნაკრებები ეწვივნენ. კანადელებთან გამართულ რთულ შეხვედრაში, “ბორჯღალოსნებმა” 22:15 იმარჯვეს, ერთ კვირაში კი, აშშ-თან უფრო მძიმე ბრძოლა გადაიტანა. შეხვედრის დრო უკვე ამოწურული იყო და აშშ 17:12 იგებდა. შერკინება მათი იყო და თითქოს მარცხი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ქართველთა შერკინებამ სასწაული მოახდინა, მეტოქე მისსავე შერკინებაში წამოშალა, ბურთი არ გაატანინა, მერე ის ხაზზე ჩათამაშდა და ლექსო გუგავამ ანგარიში გაათანაბრა, ზუსტმა რეალიზაციამ კი, ქართველებს 19:17 მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები სამშობლოში მუდამ გამორჩეულად თამაშობს. საქართველოში ისინი ოფიციალურ შეხვედრაში ბოლოს 2004 წლის თებერვალში პორტუგალიასთან დამარცხდნენ (14:19), 2006 წელს “ბარბაროსებთან” წააგეს 19:28, მას შემდეგ კი, პორტუგალიელებთან ფრედ დასრულებული შეხვედრის გარდა, ყველა მატჩში იმარჯვეს.
წლევანდელი ერთა თასი საქართველოს ნაკრებმა აუტსაიდერების განადგურებით დაიწყო (უკრაინა 62:3 და ესპანეთი 60:0), მერე პორტუგალიასთან ლისაბონში მხოლოდ ქულით იმარჯვა (13:12), თბილისში რუმინეთს 18:11 აჯობა და სოჭში ტრადიციულ მეტოქე რუსეთთან, მძიმე ჯახი გადაიტანა და 15:9 გამარჯვებით ამ გუნდთან დაუმარცხებელი სერია გაახამგრძლივა. ბუქარესტის ერთა თასზე, ქართველთა ექსპერიმენტული შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის “კინგზთან” 17:31 კი დამარცხდა, მაგრამ მერე ჯერ არგენტინის A ნაკრები 14:13 დასცა, ნამიბიის ეროვნულ გუნდთან კი, შარშანდელი მარცხისთვის ჯავრი იყარა და მეტოქე 23:18 დაამარცხა, რითაც ამ ტურნირზე თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა და მეორე ადგილი დაიკავა.
2011 წლის მსოფლიო თასისთვის, საქართველოს ნაკრებმა მზადება თბილისში, ფიზმომზადების სპეციალისტ გარეთ ადამსონის ხელმძღვანელობით დაიწყო. მერე მას სხვა მწვრთნელებიც შეუერთდნენ და გუნდი თვენახევრიან შეკრებაზე საფრანგეთში გაეგზავრა. რიჩი დიქსონს ადამსონის გარდა დონ კასკი, ჯონ მაგლტონი და ილია მაისურაძე ეხმარებიან. საფრანგეთში ქართველმა მორაგბეებმა ამ ქვეყნის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის გუნდებთან ორი ამხანაგური შეხვედრა გამართეს და “ორიაკი” 28:24, ხოლო “ბურგუენი” 28:15 დაამარცხეს. მათ ზელანდიისკენ გეზი 3 სექტემბერს აიღეს და დანიშნულების ადგილზე 5 სექტემბერს ჩავიდნენ. მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 14 სექტემბერს, ინვერქარგილში შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს, 18 სექტემბერს დანიდინში ინგლისს დაუპირისპირდება, 28 სექტემბერს პალმერსტონში რუმინეთის დამარცხებას ეცდება, ჯგუფურ ეტაპს კი, 2 ოქტომბერს არგენტინასთან ჯახით დაასრულებს.
დამოუკიდებლობის მომენტიდან დღემდე, საქართველოს ნაკრებმა სულ 134 შეხვედრა გამართა და მათგან 82-ში გამარჯვება მოიპოვა, 47-ჯერ დამარცხდა, 5 შეხვედრა კი, ფრედ დაასრულა. ყველაზე დიდი სხვაობით ქართველმა მორაგბეებმა 2007 წელს ჩეხეთის ნაკრები დაამარცხეს (98:3), თავად კი, 2003 წლის მსოფლიო თასზე ინგლისთან დამარცხდნენ (6:84). გუნდის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძეა, რომელსაც ამავდროულად “ბორჯღალოსანთა” კვართი ყველაზე მეტ, 72 შეხვედრაში აქვს მორგებული. ნაკრების ბომბარდირები 320 ქულით პალიკო ჯიმშელაძე და მალხაზ ურჯუკაშვილი არიან, ოღონდ, ჯიმშელაძე ნაკრებს უკვე დაემშვიდობა, ურჯუკაშვილი კი, ზელანდიაშიც ითამაშებს. ქართველთაგან ყველაზე მეტი - 19 ლელო მამუკა გორგოძეს აქვს გატანილი, მას ერთი ლელოთი ჩამორჩება მალხაზ ურჯუკაშვილი და ორით - ირაკლი მაჩხანელი. დიქსონის მიერ შერჩეულ 30-კაციან განაცხადში 9 ისეთი მორაგბეა, რომლისთვისაც ეს მსოფლიო თასი მესამე იქნება, 16 კი, რაგბის ფორუმზე მეორედ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების 23 მორაგბე ლეგიონერია, 7 კი, ქართულ კლუბს წარადგენს.
დღეისთვის საქართველოს ნაკრებს 70,30 სარეიტინგო ქულა აქვს და მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილზე იმყოფება. მის წინ 71,01 ქულით ფიჯის ნაკრებია, უკან კი, მომავალი მეტოქე რუმინეთი (65,69). მსოფლიო რეიტინგში “ბორჯღალოსნებს” საუკეთესო შედეგი 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ჰქონდათ, როდესაც მე-13 ადგილს იკავებდნენ. ქვეყანაში 46 კლუბი და 4181 მორაგბეა რეგისტრირებული და თუ ახალ ზელანდიაში ნაკრებმა დადებითი შედეგა აჩვენა, მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება, ისევე, როგორც ეს 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ მოხდა.
საქართველოს ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, თბილისი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ობენა”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (“კერკერენი”, საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი).
B ჯგუფი
ინგლისი
არგენტინა
შოტლანდია
საქართველო
რუმინეთი
14 სექტემბერი. ინვერქარგილი
შოტლანდია - საქართველო (11:30 საათი. თბ.დრ.)
18 სექტემბერი. დანიდინი
ინგლისი - საქართველო (10:00)
28 სექტემბერი. პალმერსტონი
საქართველო - რუმინეთი (10:30)
2 ოქტომბერი. პალმერსტონი
არგენტინა - საქართველო (04:00)