Jan 5, 2012

საქართველო - ერთ წელიწადში ექვსი ერის დონეზე


10:25 05-01-2012
ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების ასპარეზობისას, ჩვენი გუნდის თამაშსა და მოედნის მიღმა მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა ამ ქვეყნის სამხრეთის რეგიონის გაზეთი "საუთლენდ თაიმსი". 

ამ გაზეთის ინტერესი ჩვენი ნაკრების მიმართ მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელებად ახალზელანდიელები მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი დაინიშნენ. 

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი სულაც ამ რეგიონის მკვიდრია. ის ქალაქ ინვერქარგილში დაიბადა და გაიზარდა. 

ჰეიგს რეგიონის გუნდის შემადგენლობაშიც უთამაშია ახალ ზელანდიის ჩემპიონატში. "საუთლენდ თაიმსმა" ახლახან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ახალზელანდიური მწვრთნელებისა და საქართველოს ნაკრების მომავლის გეგემებზეა მოთხრობილი.

გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან. 

"საუთლენდის" ყოფილი ცხრა ნომერ მილტონ ჰეიგს, რომელიც ახლახან სქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, იმედი აქვს, რომ ერთი წლის თავზე ეს გუნდი შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებების დამარცხებას შეძლებს. 

ჰეიგმა საქართველოს რაგბის კავშირთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გახანგრძლივებაც კიდევ ორი წლითაა შესაძლებელი. მან თავისი კარიერა იმ გუნდს დაუკავშირა, რომელმაც ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში ყველაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. 

- მიმაჩნია, რომ სწორი და მუხლჩაუხრელი შრომით, ამ ბიჭებს საკმაოდ მაღალი დონის რაგბის თამაში შეეძლებათ. ეს თავისთავად ძალიან საინტერესოა. იმედი გვაქვს, რომ დაახლეობით ერთი წლის თავზე რეალურად გავუწევთ კონკურენციას ისეთ გუნდებს, იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებები რომ არიან.

მსოფლიოს თასის მსვლელობისას საქართველოს ნაკრებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია შოტლანდიის, არგენტინისა და ინგლისის ნაკრებსაც. "პომებმა" გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მხოლოდ მატჩის ბოლო 20 წუთში შეძლეს. - თქვა მილტონ ჰეიგმა. 

აღსანიშნავია, რომ ჰეიგი ყურადღებით ადევნებდა თვალს ქართველების თამაშს მსოფლიოს თასზე და საკმოად კარგი დახასიათება მიიღო ამ გუნდზე, თავისი ყოფილი თანაგუნდელის და კარგი მეგობრის, "საუთლენდის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის დევიდ ჰენდერსონისგან, რომელმაც საქართველოს ნაკრების მზადების პრიცესს ინვერქარგილში ყურადღებით აკვირდებოდა. 

- სინამდვილეში ქართველი მორაგბეები თამაშის გარკვეულ კომპონენტებში საკმაოდ კომპეტენტურები არიან - განაგრძობს მილტონ ჰეიგი- ამ გუნდის დაცვა შესანიშნავად ირჯება და შეუძლია ძალზედ სწრაფად კიდევ უკეთ ათამაშდეს. ვფიქრობ, ჩემი მუშაობის მთავარი მიმართულება თავდასხმის სისტემის შექმნაზე იქნება ორიენტირებული. მათ მსოფლიოს თასის გათამაშებაში მხოლოდ სამი ლელო გაიტანეს. კიდევ რამდენიმეს გატანა შოტლანდიასა და არგენტინასთან თამაშშიც შეეძლოთ, საკამრისი იყო თავი აეწიათ და ცარიელი, დაუცველი სივრცე შეენიშნათ. 

მილტონ ჰეიგს ახალი ზელანდიის რაგბის კავშირში ჰკითხეს, აინტერესებდა თუ არა მას საქართველოს ნაკრებში მუშაობა. ქართველებს სურდათ შოტლანდიელი მწვრთნელის რიჩი დიქსონის შემდეგ ნაკრებში ახალზელანდიელი სპეციალისტები მიეწვიათ. მან თავისი მონაცემები საქართველოს რაგბის კავშირში გააგზავნა. ქართველებმა კონსულტაცია საფრანგეთში მომუშავე ახალზელანდიელ ვერნ კოტერთან გაიარეს და მასთან საუბრის მეორე დღესვე ჰეიგს სამსახური შესთავაზეს. 

მილტონს საქართველოს ნაკრებში დახმარებას გაუწევს კრის გიბსი, რომელიც წლეულს საქართველოში მხოლოდ ექვსი თვე იმუშავებს. მერე კი, როცა წლის ბოლოს "ვაიკატოსთან" კოტრაქტი დაუმთავრდება, ჰეიგთან ერთად ამ ქვეყანაში დაიდებს ბინას. 

ჰეიგმა, რომელმაც ბეი ოფ პლენტიში გადასვლამდე, 1988 წელს ხუთჯერ ითამაშა "საუთლენდის" შემადგენლობაში, თქვა, რომ საერთაშორისო არენაზე ძალის მოსინჯვის შესაძლებლობამ ძალიან გაახარა. 

- მსოფლიოს თასზე მწვრთნელის რანგში მონაწილეობა ეს კარიერის პიკია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გუნდის სამწვრთნელო შტაბში, რა პოზიციაზე იმყოფები. ცხადია, ჩემთვის ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე ასპარეზობა ძალიან საინტერესოა. მართალია, მომავალი მსოფლიოს თასის საგზური ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ამას შევძლებთ. 

ჩემი მეუღლე დიდი ხანია ოცნებობს ევროპაში ცხოვრებაზე, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდით. ჩვენი გოგონები, რომელთაგან უფროსი ცხრა წლისაა, უმცროსი კი ექვსის, მოუთმენლად ელიან საქართველოში გამგზავრების დღეს. მართალი გითხრათ, მეც და ჩემი მეუღლეც იგივე განცდამ შეგვიპყრო, - აღიარა მილტონ ჰეიგმა. 

საქართველოს ნაკრებმა შარშან ევროპის ერთა თასი მოიგო და წლეულს იგივეს გამეორებას შეეცდება. პირველი შეხვედრა "ბორჯღალოსნებს" 4 თებერვალს სტუმრად უკრაინის ნაკრებთან აქვს. ქართველ მორაგბეთა უმრავლესობა საფრანგეთში პროფესიულ დონეზე ასპარეზობს, თუმცა ჰეიგს ქართული რაგბის მომავალი თაობის იმედი აქვს. 

- ჩვენი წარმატების საწინდარი ის იქნება, რამდენად შევძლებთ ახალგაზრდა ქართველი მორაგბეების წამოწევას და ეროვნულ ნაკრებში მათ ინტეგრირებას. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ოთხი თვის წინათ ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ვერნ კოტერი იმ ტურნირს ესწრებოდა და მითხრა, რომ ქართველებს მართლაც ჰყავთ რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მორაგბე. ეს ჩემთვის დამაიდებელად ჟღერს და კიდევ უფრო მეტად განმაწყობს ნაყოფიერი საქმიანობისთვის, - აღნიშნა მილტონ ჰეიგმა. 

საქართველოს ნაკრებში ჰეიგს და გიბსს ასისტენტობას ორი ქართველი მწვრთნელი გაუწევს, რომლებიც, სავარაუდოდ, ნაკრებს სათავეში 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ ჩაუდგებიან. 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

No comments:

Post a Comment