Jun 6, 2011

“ტულუზამ” ქართველებს ჩემპიონობა არ დაანება


სულ რაღაც 10 წუთი აშორებდა საფრანგეთის ჩემპიონობამდე “მონპელიეს” და მის ქართულ ლეგიონს, მაგრამ Top 14-ის რეგულარული პირველობის გამარჯვებულმა “ტულუზამ” მაინც იძალა, დასკვნით პერიოდში ორი ჯარიმა გამოიყენა, 15:10 იმარჯვა და ქვეყნის უძლიერესის ტიტული მეთვრამეტედ მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრამდე მთავარ ფავორიტად “ტულუზა” მიიჩნეოდა და ამრიგად, შედეგი გასაოცარი არავისთვისაა, მაგრამ გაოცებას იწვევს ის თამაში, რომელიც “მონპელიემ” ფრანგული რაგბის გიგანტს თავს მოახვია. მეტოქის წნეხის ქვეშ მოქცეულმა, ვარსკვლავებით დახუნძლულმა “ტულუზამ”, უამრავი შეცდომა დაუშვა, მის მორაგბეებს ბურთი წინ ხშირად უვარდებოდათ, შეტევის მიმართულებებს არასწორედ ირჩევდნენ, ამასთან, დავიდ სკრელას დარტყმა არ წაუვიდა და მთლიანობაში, ამ გუნდმა საქმე თავად გაირთულა.
მიუხედავად იმისა, რომ “ტულუზა” უდიდეს ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ბურთსაც მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდა, “მონპელიემ” ტაიმი 7:3 მოიგო. შეხვედრის ერთადერთი ლელო “მონპელიეს” ფიჯელმა უკანახაზელმა, ტიმოჩი ნაგუზამ 27-ე წუთზე გაიტანა, მოიანომ კი რეალიზაცია უნაკლოდ შეასრულა. ნაგუზა 34-ე წუთზე დაჯარიმდა, სინბინი დაიმსახურა და სკრელამ, რომელმაც მანამდე სამი დარტყმა ვერ გამოიყენა, ბოლოს და ბოლოს მიზანი გაასწორა.
დაიწყო მეორე ნახევარი და “მონპელიემ” შვიდქულიანი სტატუს-ქვო აღადგინა. ფრანსუა ტრინ-დუკმა არეკნი შორიდან უნაკლოდ შეასრულა და “სტად ფრანსეზე” სენსაციის სუნი დატრიალდა, მაგრამ გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა. მეტოქის სათამაშო უპირატესობის ფონზე, “მონპელიე” ხშირად ჯარიმდებოდა და სკრელამ 47-ე და 67-ე წუთებზე ორი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. ამის შემდეგ, მას კიდევ ორი ჯარიმა გაუცუდდა, რამაც “ტულუზას” დამრტყმელის შეცვლა აიძულა, ნიკოლას ბეზის შანსი ორჯერ მიეცა, 71-ე და 75-ე წუთებზე ორივე დარტყმა გამოიყენა, “მონპელიეს” კი, საჩემპიონოდ უბრალოდ გამოცდილება, ძალა და სათადარიგოთა სკამი არ ეყო...
მხოლოდ ფინალური თამაშით თუ ვიმსჯელებთ, “ტულუზა” ჩემპიონობას არ იმსახურებდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ გუნდმა მთელი სეზონი დამაჯერებლად განვლო და ოქტომბრიდან მოყოლებული, რეგულარული პირველობის სათავე არავის დაუთმო. მიუხედავად გადამწყვეტ მატჩში მარცხისა, “მონპელიეს” თავი მაღლა უნდა ეჭიროს. მან მებრძოლი სული გამოავლინა და თუნდაც ის რად ღირს, რომ შერკინების მესამე ხაზში პირველივე წუთებიდან ითამაშა და მოედანზე 67 წუთი გაატარა ხელმოტეხილმა უედრაოგომ. გუნდის უკლებლივ ყველა წევრმა, როგორც ფინალში, ასევე განვლილ სეზონში მთლიანად, ძალ-ღონე არ დაზოგა და კლუბს ისტორიული წარმატება მოუტანა - “მონპელიემ” პირველად ითამაშა ჯერ ნახევარფინალში, მერე კი, ფინალში.
სასიამოვნოა, რომ ამ წარმატებაში ლომის წვლილი მიუძღვით მესამეხაზელ მამუკა გორგოძეს, რომელსაც მეორე ხაზშიც შეუძლია თამაში, და პირველხაზელ გიორგი ჟღენტს, ვინც ნელ-ნელა ძირითადი შემადგენლობის მორაგბედ იქცა და მომავალი მსოფლიო თასის წინ საუკეთესო ფორმაში შევიდა. ჟღენტმა ფინალში 78 წუთი ითამაშა, გორგოძე კი შეუცვლელად გაისარჯა. სამწუხაროდ, განაცხადში კვლავ ვერ მოხვდნენ პირველხაზელი გოდერძი შველიძე და მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე, მაგრამ საერთო ჯამში, მათ გუნდის წარმატებაში საკუთარი წვლილი მაინც შეიტანეს, რადგან საჭიროების შემთხვევაში, თანაგუნდელების შესაცვლელად მუდამ მზად იყვნენ და გუნდის ძირითადი შემადგენლობის მორაგბეებს დასვენების საშუალებას აძლევდნენ.

No comments:

Post a Comment