Jun 6, 2011

“ალაფაზე” მე-3, მსოფლიოში მე-15


ქართველები, ისევე, როგორც ალბათ ყველა სხვა ერი, მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები და დავჯერდეთ იმ ადგილს, რომელიც საქართველოს 20-წლამდე მორაგბეებმა მსოფლიო თასის “ალაფაზე” დაიკავეს. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ამ ტურნირისთვის თბილისს რომ არ ემასპინძლა. შესაძლოა, შედეგი უარესიც ყოფილიყო.
მთლიანობაში, “ალაფაზე” დაკავებული მე-3 ადგილი იმის მანიშნებელია, რომ 2008 წლის გათამაშებაზე უკეთესი შედეგი ვაჩვენეთ. მაშინ, მსოფლიო თასისთვის 16 უძლიერესი გუნდი იბრძოდა, “ბორჯღალოსნებმა” “ალაფისთვის” ჩილეში ითამაშეს და მე-3 ადგილი დაიკავეს, ანუ, საერთო ჯამში, მე-19 იყვნენ, ახლა კი, უძლიერესთა რაოდენობა 12-მდე შემცირდა, შესაბამისად, “ალაფას” 4 ძლიერი ნაკრები დაემატა და საქართველომ კვლავ მე-3 ადგილი დაიკავა, ანუ, უძლიერესი თორმეტისა და ფინალში გასული გუნდების შემდეგ, პლანეტაზე მე-15 პოზიცია გვიკავია, რაც სრულად შეესაბამება მსოფლიო რეიტინგში საქართველოს მიერ დაბევებულ ადგილს.
2008 წლის “ალაფა” ვახსენეთ და მაშინ, იმ გათამაშების გამარჯვებულმა ურუგვაიმ ქართველები ჯგუფური ეტაპის ფინალში დაამარცხა, რითაც თავად ფინალში გასვლა დაიბევა, ჩვენ კი, იმედად მე-3 ადგილი დაგვიტოვა. ახლა, ერთგვარი რევანში შედგა და ურუგვაი საქართველომ დაამწუხრა. ბიჭებმა იბრძოლეს და ეს წარმატება დაიმსახურეს, ამასთან, მათ დააჭაშნიკეს სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენელი გუნდის თამაშის სტილი და რაც უმთავრესია, დაინახეს ის, თუ რაში მოვიკოჭლებთ და რა კუთხითაა ყველაზე მეტად სამუშაო.
მსოფლიო რაგბი წინ მიდის, გუნდები ვითარდებიან სისწრაფისა და ხელით უკეთ თამაშის ხარჯზე, ქართველთა კოზირად კი, ძველებურად რჩება მეტოქის ძალით დაჩაგვრა და ამის ხარჯზე ფონს გასვლა. რაგბის საერთაშორისო საბჭოს მაღალჩინოსნები, სპეციალისტები, გვირჩევენ, რომ ხელდახელ თამაში, ტექნიკა დავხვეწოთ. ახლაც გამოჩნდა, რომ მხოლოდ ჯანით ფონს ვერავინ გავა და ეს გაკვეთილი უნდა იყოს მთელი ქართული რაგბის სამყაროსთვის.
მე-3 ადგილისთვის მატჩში, უფრო სწორად მის პირველ ტაიმში, იყო უკეთ თამაშის მცდელობა. საქართველოს ნაკრებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, ორჯერ დაიმსახურა ჯარიმის შესრულების უფლება და ბახვა კობახიძემ ორივე დარტყმა ზუსტად შეასრულა. თუმცა, მე-20 წუთიდან, ხუთწუთიან ინტერვალში, ურუგვაიმ ორჯერ მიიღო შორი მანძილიდან ჯარიმის შესრულების უფლება, ორივე გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა.
შესვენებამდე დარჩენილ დროში ქართველებმა ძალიან მოინდომეს. მოლით მიწოლას რამდენიმე მეტრის მოგება მოჰყვა, მერე ლევან ჩილაჩავა ჯგუფს მოწყდა და ლელო გაიტანა. მსაჯმა დაგვაჯარიმა და უქულოდ დავრჩით, თუმცა, მუხტი არ დაიკარგა. მეტოქემ აუტი ცუდად მოაწოდა, თხილაიშვილმა კარგად შეუტია, მას მხარი ბუჯიაშვილმა აუბა, მერე ბურთი ხაზზე ჩათამაშდა, მარგიანის იერიში გოგოლაშვილმა განაგრძო, ის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს შეაჩერეს, მაგრამ დარჩენილი მანძილი მორკინალთა მოკლე დარტყმებით დაიფარა და ჩილაჩავამ თავისი ლელო მაინც დადო, კობახიძემ კი გარდასახვა შეასრულა.
ქართველთა იერიშებმა კიდევ ერთი შედეგი ტაიმის მიწურულს გამოიღო. სამხრეთამერიკელებმა რამდენიმე დარტყმას გაუძლეს, მაგრამ საბოლოოდ, მჭედლიშვილმა ხაზის გაჭრა მაინც მოახერხა და ლელო გაიტანა, კობახიძემ კი, საქართველოს ნაკრებს ტაიმი 20:6 მოაგებინა.
თითქოს უპირატესობა მოპოვებული იყო, თითქოს მე-2 ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა უფრო უნდა გაზრდილიყო, მაგრამ მოხდა პირიქით. ის, რომ ქართველებს ტექნიკური წუნი ხშირად მოსდიოდათ, გადაწყვეტილებების მიღებაში სცოდავდნენ, ურუგვაიმ კარგად გამოიყენა. მათ ფეხით ბურთის სიღრმეში გადაკიდებას მიმართეს და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, ქართველთა შეცდომის ხარჯზე, ბურთიც უმეტესად თავისთან დაიტოვეს და ჯარიმებით, სხვაობა მეთოდურად ამცირეს. თამაშის განახლებიდან თხუთმეტ წუთში, მეტოქემ 2 ჯარიმით და ერთი არეკნით, ჩამორჩენა სახიფათო ზღვრამდე დაიყვანა და სათამაშო უპირატესობა არც მერე დაკარგა.
57-ე წუთზე, კობახიძეს სიტუაციის განმუხტვის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ თითქმის იმავე პოზიციიდან, საიდანაც მანამდე 2 ჯარიმა გააფუჭა, ამჯერადაც არაზუსტად დაარტყა. ურუგვაიმ მეტი მოინდომა, წარმატების მიღწევის შესაძლებლობა იგრძნო და ჯერ არეკნი სცადა, მერე კი, 65-ე წუთზე, გასატანი ჯარიმა ვერ გამოიყენა.
დრო ამოწურვისკენ მიდიოდა, ურუგვაი უპირატესობას ფლობდა და 76-ე წუთზე, ქართველთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ოღონდ, ამაზე მძიმე ნიკოლას ბარბატოს დაზიანება აღმოჩნდა - შეცვლაზე 3 წუთის შესული სიჩქარეაკრეფილი მეტოქე გაგოშვილმა მხრებს ზევით, ყელში ისე შებოჭა, რომ ეს უკანასკნელი ლამის მოედანზევე გაიგუდა. საბედნიეროდ, ექიმებმა მისი მობრუნება შეძლეს, ქართველმა კი, დამსახურებული სინბინი მიიღო და დარჩენილი დრო საქართველოს ნაკრებმა კაცნაკლულმა გაატარა.
“ბორჯღალოსნებმა” მაინც გაძლეს, ერთ ეპიზოდში, კარგი კონტრშეტევაც წამოიწყეს, მაგრამ ცენტრს ვერ გადასცდნენ, სამაგიეროდ, მანძილი და დრო მოიგეს და საბოლოოდ, 20:15 იმარჯვეს, რითაც მე-3, საპატიო ადგილი დაიკავეს.
მთლიანობაში, ეს ტურნირი ყოველმხრივ დადებითად უნდა შეფასდეს. საქართველოს ნაკრებმა ძალები ოთხ სხვადასხვა სტილით მოთამაშე გუნდთან მოსინჯა და ნათლად გამოჩნდა ის მინუსები, რომლებსაც სასწრაფოდ გაუმჯობესება სჭირდება. გამოჩნდა ისიც, რომ IRB-მ განვითარებად ქვეყნებზე მეტი უნდა იზრუნოს, მხოლოდ რუსეთი-რუმინეთი-პორტუგალიის წვენში არ უნდა გვხარშოს და თუ მართლა ჩვენთვის კარგი უნდა, სხვა კონტინენტის, სხვა სტილით მობურთალ გუნდებთან მეტი თამაშის საშუალება უნდა მოგვცეს.
პაატა ნარიმანაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მადლობა ღმერთს, პირველ ტაიმში ქულათა ისეთი მარაგი შევქმენით, რომ მე-2 ნახევარში მეტოქის შემოტევებს გავუძელით და გამარჯვება მოვიპოვეთ. ურუგვაის ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. დავალება იყო, რომ საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს, ფეხით გვეთამაშა, მაგრამ ეს ვერ შესრულდა. ურუგვაისგან პირველ ტაიმში მეტ წინააღმდეგობას ველოდით და შესაძლოა, გარკვეულწილად, ამანაც მოგვადუნა. მეტოქემ, მე-2 ნახევარში, განსხვავებულად, ბევრად უკეთ ითამაშა. მეტოქის სიტუაციის დაძაბვის საშუალება ჩვენ მივეცით, თორემ ისევე რომ გვეთამაშა, როგორც პირველ ტაიმში, გაცილებით დიდი სხვაობით მოვიგებდით. როგორც ჩანს, ამ ტურნირისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. მოვა დრო და ამას მოვახერხებთ, მაგრამ ახლა დავინახეთ, რომ ჩვენი მომზადების დონე, ამ დონის ტურნირის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, ასევე სიჩქარეები, იაპონიასთან მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველი 2 თამაშის შემდეგ, თითქოს ხარვეზები გამოვასწორეთ, მაგრამ სივრცეების ამოვსება მაინც ვერ შევძელით. საქართველოში ახლა დაიწყო მოედნების მშენებლობა, პირობების შექმნა და მწამს, მომავალში მეტის მიღწევა ხელმისაწვდომი იქნება”.
გიორგი ტყეშელიაძე (საქართველოს ნაკრების მორაგბე): “ძალიან გაგვიჭირდა ხაზში თამაში, მაგრამ უფრო მეტად შერკინებაში, სადაც გვეგონა, რომ აშკარა უპირატესობა გვექნებოდა. დღეს, გარკვეულწილად, განწყობის პრობლემაც გვქონდა. იაპონიასთან იმის გამო დავმარცხდით, რომ მთელი რეზერვი არ გამოვიყენეთ. გვეგონა, მათ ბარიერს ადვილად გადავლახავდით და ძალებს ფინალისთვის ვინახავდით, მაგრამ გათვლამ არ გაამართლა”.
ხუან ბალდომირი (ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “ეს თამაში ორ სხვადასხვა ტაიმად უნდა განვიხილოთ. პირველ ორმოც წუთში თითქოს დავნებდით, თამაშის რიტმი ვერ ვიპოვეთ და მეტოქის წნეხის ქვეშ მოვექეცით, მაგრამ მე-2 ნახევარში მიზანს მივაღწიეთ, ბურთზე კონტროლი დავამყარეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ და ეს შედეგზეც აისახა, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრებს რაქებსა და მოლებში უპირატესობა ჰქონდა, ხოლო ჩვენ იქ უპირატესობის მისაღწევად ორი-სამი კაცით მეტი გვჭირდებოდა და ამის გამო, აქცენტი ფეხით თამაშზე გავაკეთეთ, რამაც შედეგი მოგვიტანა, თუმცა არასაკმარისი”.

მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის. თბილისი (საქართველო)
5 ივნისი. კვირა. III ადგილისთვის. “ავჭალა”. 1900
საქართველო - ურუგვაი 20:15 (20:6)
საქართველო: 15. ბახვა კობახიძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით ლოსაბერიძე (გიორგი მარგიანი 7, ვანო გაბროშვილი 57), 12. გიგა გაგოშვილი, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. უჩა მჭედლიშვილი, 9. რამაზ ჯინაშვილი (ჯიმი ღამბაშიძე 77); 1. ზაზა ნავროზაშვილი (ზურაბ ერისთავი 63), მერაბ მატკავა (ირაკლი ჩომახაშვილი 71), 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ბექა ბიწაძე, 5. კოტე მიქაუტაძე (გიორგი ჟღენტი 60), 6. გიგა თხილაიშვილი, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბექა ხიპაშვილი 71).
2 ლელო: ჩილაჩავა, მჭედლიშვილი
2 გარდასახვა: კობახიძე
2 ჯარიმა: კობახიძე
სინბინი: გაგოშვილი
 


No comments:

Post a Comment