ქალები თასის ნახევარფინალში პირველად გავიდნენ
საქართველოს ქალ მორაგბეთა ნაკრებმა, უნგრეთის ქალაქ ზანკაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად განვლო, ყველა მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა და პირველად არსებობის ისტორიაში, თასის ნახევარფინალში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები მესამე დივიზიონში თამაშობს და მიზნად მეორე დივიზიონში გადასვლა აქვს დასახული, რისთვისაც აუცილებელი მინიმუმი, ფინალში გასვლაა. ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ქართველი გოგონები ლუქსემბურგს დაუპირისპირდნენ, პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და ერთი რეალიზაცია გამოიყენეს, მეორე ტაიმში კიდევ სამი ლელო მიითვალეს, რეალიზაციებიც გამოიყენეს და 33:0 იმარჯვეს. მეორე შეხვედრა პალიკო ჯიმშელაძის შეგირდებს სკანდინავიელ “ბარბაროსებთან” ჰქონდათ და მატჩის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყდა, როდესაც ოთხ ლელოს ორი რეალიზაცია შემატეს და ტაიმი 24:0 მოიგეს. მაორე ნახევარში, ქართველებმა კიდევ ორი ლელო მიითვალეს, 34:0 დაწინაურდნენ, მერე კი ოდნავ მოდუნდნენ და მეტოქეს ერთი საპასუხო ლელო-გარდასახვის საშუალება მისცეს.
ჯგუფის მესამე მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. პოლონეთი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი უმთავრესი მეტოქეა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა შანსი არც მას დაუტოვა. ქართველმა გოგონებმა პირველ ტაიმში სამი უპასუხო ლელო გაიტანეს და ორი რეალიზაცია გამოიყენეს, მეორე ნახევარში უპირატესობა 26-მდე გაზარდეს, სულ ბოლოს კი, ერთი ლელო პოლონეთისგან მიიღეს და 26:7 იმარჯვეს. ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, ქართველებმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაილაღეს. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს შვიდი უპასუხო ლელო გაუტანა და 43:0 იმარჯვა, რითაც ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, პირველი ადგილი და თასის ნახევარფინალში თამაში გაინაღდა.
რაც მთავარია, საქართველოს ნაკრები ხვალინდელ გადამწყვეტ მატჩს დასვენებული ხვდება, მაშინ, როდესაც მის მეტოქეებს ერთმანეთში მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა. უნგრეთმა და დანიამ დღეს სამ-სამი მატჩი მოიგეს და ჯგუფში უძლიერესის ვინაობას ხვალ გაარკვევენ. სწორედ მათ შორის დამარცხებული იქნება ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე და თუ ქართველმა გოგონებმა ფინალში გააღწიეს, იქ მიღწეული შედეგის მიუხედავად, საგაისოდ, უფრო მაღალ დონეზე თამაში გარანტირებული ექნებათ.
No comments:
Post a Comment