1990-იანები
1990 შემოვიღეთ ეროვნული პირველობა და უცხოეთთან კონტაქტებიც გავაცხოველეთ, მაგრამ ოთხი უკეთესი გუნდი საბჭოურ ასპარეზზე რომ დაგვირჩა, თემში უთანხმოება ჩამოვარდა; არც ირბ-მა მიგვიღო წევრად, მთლად გაეროვნულებულმა ფეხბურთმა კი ლამის იყო, უსტადიონოდ დაგვტოვა ოვალური ბურთის მიმდევრები
1991 დამოუკიდებლობის აღდგენა რომ გამოცხადდა, ოთხ უკეთეს კლუბს საბჭოთა ასპარეზის მიტოვება მოუხდა; მათ ნაცვლად უცხოეთში სულ სხვა გუნდები გაემგზავრნენ, შინ კი თუმც სეზონთა ახლებურ ათვლაზე გადავედით და ჩემპიონატში აქამდეც სარეკორდოდ ბევრი, 21 გუნდი ჩაება, ქვეყანაში დასადგურებულმა ქაოსმა ოვალურ-ბურთა თამაშიც დააკნინა
1992 ირბ-მა მიგვიღო და ფირა-მ გვიმუხთლა, შინ კი, ძმათ-მკვლელი ომების გამო, ეროვნული პირველობა სკანდალით დასრულდა, ხოლო შემოდგომაზე თემი ამერ-იმერადაც გაიხლიჩა
1993 წარუმატებელი გამოდგა დებიუტები მსოფლიო თასის შესარჩევსა და ერთა თასის ბოლო ჯგუფში; ჭაბუკებმა ამავე დონეზე პირველად იასპარეზეს ევროპაში, იმერში უქმად დარჩენილმა ერქვანმა კი პოსტ-საბჭოური რაგბი-ლიგისკენ ჰქნა პირი
1994 ჯერ შარშანდელი ჩემპიონი გამოვლინდა; არსებულთა შერწყმით შეიქმნა ახალი კლუბები, მაგრამ მერკური ზაფხულში დაიშალა და შედგა გუმარი, ვინც საფრანგეთი მოიხილა; ჭაბუკები მეორედ გავიდნენ ევროპაში; კაცთა ნაკრებმა ორად ორი ტესტი გამართა და სეზონიც ადრე დასრულდა
1995 თანდათან შეიცვალა კავშირისა და ეროვნული ნაკრების უფროსობა; დაწესდა სინი, გამოიცა წესები, ლიანგმა მსოფლიო თასს ცოცხლად უყურა, კლუბები კი ერთი ხანობა თუმც ვაკიდან გამოაძევეს, ოვალურ ბურთა თამაშმა 27 წლის შემდეგ მაინც შეაღწია ეროვნულზე და ხალხი გამარჯვებით გაახარა
1996 ბორჯღალოსნებმა საარაკოდ ძლიეს ციმბირელი დევები და ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი; ხელი მოეცარათ ჭაბუკთა, შვიდკაცა და სტუდენტურ ნაკრებებს; ვაკიდან კვლავ ამაოდ სცადეს ოვალური ბურთის მიმდევართა გაძევება, მარათონული, ინტრიგით სავსე საშინაო სეზონი კი გახშირებული შატალოებით დასრულდა
1997 პირველად გამოვცადეთ ლათინთა სიმუხთლე; ნაკრების კონსულტანტად მოვიწვიეთ ფრანგი კლოდ სორელი; წარმატებით დავიწყეთ მსოფლიო თასის შესარჩევები; ზელანდიაში სტაჟირებაზე მივავლინეთ ორი მორკინალი; გვიან დაწყებულ შინაურ პირველობას კი გაგანია სეზონში თუმც პლეი-ოფი დაემატა, ქვეყნის უძველესმა კლუბმა, ყოჩებმა მაინც იმარჯვა
1998 შინ მეორედ და ისევ სასწაულად ვძლიეთ რუსეთი, მაგრამ მსოფლიო თასისკენ მიმავალ გზაზე ირლანდიაში დაგვამუხრუჭა რუმინეთმა; ჭაბუკები პირველ ჯგუფში აღზევდნენ; ბორჯღალოსანთა საფრანგეთში გადასვლის გამო დაიშალა გუმარი; ნაკრების ვოიაჟთა გადამკიდე კი შინაური პირველობის მეორე სტადია უბობოლებოდ ჩატარდა
1999 მსოფლიო თასიდან ტონგამ გამოგვაგდო, ხოლო ფიჯზე ნაკრების მწურთნელი დავაგირავეთ; შვიდკაცა მსოფლიო სერიაში ჩაება; ჭაბუკები ელიტაში ვერ დარჩნენ; გაცხოველდა ბორჯღალოსანთა ემიგრაცია; შინ კი გაუქმდა პლეი-ოფი, ჩემპიონი ბათუმი გახდა და ოვალური ბურთი ვაკიდან გარეუბნებში გაიხიზნა
2000 ბორჯღალოსნები ახლებურ ერთა თასში ჩაებნენ და ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდათ; შვიდკაცამ მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა; შინ დაწესდა ბზის თასი და ფინალი ფრედ რომ დასრულდა, ორივე გუნდს თავი ჩემპიონი ეგონა; ხოლო VII არხმა ზეპური მატჩების ქართული კომენტარით ჩვენება დანერგა
2001 პირველად შევმართეთ ერთა თასი და აქამდე ერთადერთხელ ვუმასპინძლეთ აფრიკის ბოკეს; შვიდკაცის მსოფლიო თასზე სინის ფინალში გავედით; ჭაბუკები ელიტაში დაბრუნდნენ; დაარსდა ჟურნალი და შინაური პირველობაც პირველად დასრულდა მუღამიანი, ავსტრალიური პლეი-ოფით
2002 გაზაფხულზეც შინ ფრეს დავჯერდით ბურებ-ამატებულ რუსეთთან და რუმინეთსაც ერთბაშად სამი ჯილდო გავატანეთ, მაგრამ შემოდგომაზე რუსეთსვე მოვუგეთ გადამწყვეტი რკენა და ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე გავედით; ჭაბუკებმა ელიტაში მოიკიდეს ფეხი; ამოქმედდა ოლიმპის საითები; აჭარამ რეგიონთა თასზე გვასახელა და ბზის თასის ფინალიც ბათუმური დარბი გამოვიდა
2003 პირველად ვიასპარეზეთ მსოფლიო თასზე და პუბლიკა თავდადებითა და ჭრელი კვართებით მოვხიბლეთ; ვაკეში პირველად მოეწყო ევრო-სერიის შვიდკაცა და ჩვენი გამარჯვებით დასრულდა; რუმინეთს თბილისში ვერ დავატოვებინეთ ანთიმოზ ივერიელის თასი; ჭაბუკები ელიტაში წკიპზე დარჩნენ; თემმა კი ზეპურ მატჩებს კაფე მსოფლიო სპორტსა და ბარ ანგარში უცქირა
2004 შეიცვალა ნაკრებისა და კავშირის უფროსობა; ბორჯღალოსნებმა ერთა თასზე თანდათან უმატეს, მოიხილეს სამხრეთი ამერიკა და შესარჩევი ციკლი რუსეთის ძლევით გახსნეს; შვიდკაცამ პირველად იჩაუქა ჰონკონგში და მსოფლიო თასის საგზური მეორედაც მოიპოვა; ჭაბუკები კი მოკვეცილ ელიტაშიც დარჩნენ და ჩვენში 13-კაცაც დაინერგა
2005 ბორჯღალოსნებმა პირველად შემართეს ანთიმოზ ივერიელის თასი და ერთა თასზეც დაწინაურდნენ; ახალგაზრდებმა უბობოლებო ევროპაზე იჩემპიონეს; მოვიგეთ ბათუმის შვიდკაცაც; ლოკომოტივმა წაუგებლად იასპარეზა თასზე, პირველობასა და სინზე; ფანობამ კი იხილა 13 ქართველის ფერხული და ბურთაობა
2006 პორტუგალიის ჯობნით მეორედაც გავედით მსოფლიო თასზე; მოვიხილეთ იაპონია და ვუმასპინძლეთ ბარბაროსებს; ჭაბუკები ელიტაში ვერ დაბრუნდნენ; დაგვეშალა ლიგის ნაკრები და შვიდკაცამაც მხოლოდ ევროპაში იჩაუქა, მაგრამ შეიქმნა ქალთა გუნდი; გამოიცა ლექსიკონიანი წესები; შინ კი ლოკომოტივმა ზედიზედ მეორედ, წაუგებლად გალია თასიცა და პირველობაც
2007 საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე 20 გუნდში მე-13 ადგილი რომ დავიჭირეთ და ბობოლა ირლანდიაც კინაღამ ვძლიეთ. საზოგადოებამ ამ შეჯიბრის 25 მატჩი ტელე-ეკრანზე ცოცხლად იხილა; რუმინეთს სტუმრად ჩამოვართვით ანთიმოზ ივერიელის თასი და იქვე, ირბ-ის ერთა თასზე მესამე ადგილზეც გავედით, ხოლო შინ ყოჩებმა შეასრულეს დუბლი
2008 ბორჯღალოსნები ავსტრალიელმა თიმ ლეინმა ჩაიბარა და ექვსიდან ექვსი მატჩის მოგებით ევროპის ერთა თასზე აჩემპიონა; შვიდკაცამ ევროპაში მესამე ადგილი დაიჭირა და მესამედ გავიდა მსოფლიო თასზე; არკულზე ისევ გავუსწარით მასპინძელ რუმინეთს და მეორე პოზიციაზე დავაფინიშეთ; ჭაბუკები კი პირველ მსოფლიო ალაფაზე მესამე ადგილს დაჯერდნენ, თასზე ვერ გავიდნენ და საგაისოდ ვეღარც მაგ ალაფაზე მოხვდნენ
2009 ბორჯღალოსნებმა ნეიტრალურ მოედანზე, უკრაინაში, მეთერთმეტედაც ძლიეს რუსეთი და როგორც მერეღა გაირკვა, მესამედ მოიპოვეს ერთა თასი
No comments:
Post a Comment