საქართველოს ეროვნული ნაკრების და ფრანგული „ტულონის" მორაგბე დავით ქუბრიაშვილი რანგით მეორე ევროტურნირ "ჩელენჯ ქაფ"-ის ფინალში ითამაშებს. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც ირლანდიაში გაიმართა ქართველი მორკინალის გუნდმა ადგილობრივი "კონახტის" 19:12 დამარცხება შეძლო და მარსელში 23 მაისს გასამართი ფინალის საგზური მოიპოვა.
სამწუხაროდ, ქუბრიაშვილი გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა. მატჩის გმირად კი ფრანგთა ინგლისელი ლეგიონერი ჯონი უილკინსონი იქცა... „ტულონის" მეტოქე ფინალში უელსური „კარდიფ ბლუზი" იქნება, რომელმაც ლონდონში "ვაპსი"18:15 დაამარცხა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი "ჰეინეკენის თასის" ფინალი კი რომელსაც 22 მაისს, პარიზის, "სტად ფრანსე" უმასპინძლებს ფრანგული იქნება. ფინალში თამაშის უფლება „ტულუზამ" და „ბიარიცმა" მოიპოვეს. ნახევარფინალში "ტულუზამ" თასის მფლობელ ირლანდიურ "ლინსტერს" 26:16 მოუგო.
საფრანგეთის მოქალაქე დიმიტრი იაშვილის "ბიარიცმა" კი ირლანდიური "მანსტერი" 18:7 დაამარცხა. ირლანდიელები 28-ე წუთზე ლელოთი და გარდასახვით დაწინაურდნენ, მერე კი იაშვილი გამოცოცხლდა.
დიმიტრი იაშვილმა შესვენებამდე ერთი ჯარიმა გაიტანა, მე-2 ტაიმის დასაწყისში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, დასკვნით ოც წუთში კი, ჯარიმებიდან კიდევ ოთხჯერ იხეირა და საკუთარი გუნდის ყველა ქულა თავის ანგარიშზე ჩაიწერა.
მიმდინარე სეზონში იაშვილმა 101 ქულა მოაგროვა და "ჰეინეკენის თასის" ბომბარდირთა სიას ლიდერობს. დიმიტრი იაშვილის მიერ კარიერაში პრესტიჟულ ევროპის საკლუბო ტურნირებზე მოგროვილმა ქულებმა კი 505-ს უწია.
No comments:
Post a Comment