საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივნისში ბუქარესტში - IRB-ს ერთა თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. უკვე ცნობილია მონაწილე გუნდების
ვინაობაც და ტურნირის კალენდარიც. IRB-ს ერთა თასი ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის დღეს - 11 ივნისს აიღებს სტარტს და ბორჯღალოსანთა პირველი მეტოქე ტურნირის მოქმედი ჩემპიონი და უმთავრესი ფავორიტი შოტლანდიის A ნაკრები იქნება. 15 ივნისს ჩვენები იტალიის A ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 20-ში კი - ნამიბიის ეროვნულ გუნდს. საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს შეხვედრაა, რადგან ოფიციალური ტესტ-მატჩია და მისი შედეგი გუნდების რეიტინგზე აისახება.
ზემოაღნიშნული გუნდების გარდა, ტურნირში მასპინძელთა ეროვნული ნაკრები და არგენტინის "იაგუარები" - იგივე A ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას, ერთა თასის გამარჯვებულად კი ის გუნდი გამოცხადდება, ვინც ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს.
შოტლანდიის ნაკრებთან ჩვენებს მწარე მოგონება აკავშირებთ (2008 წლის ნოემბერში 69:3 მოგვიგეს). ტიმ ლეინის შეგირდები იმ მატჩის დავიწყებას ბუქარესტში კარგი თამაშით უნდა შეეცადონ. რაც შეეხება იტალიის A ნაკრებს, ბორჯღალოსნებს ეს გუნდი არაერთხელ დაუბრიყვებიათ, ნამიბიელებს კი 2007 წლის მსოფლიო თასზე სულაც 30:0 მოვუგეთ. მომავალი ტურნირის შესახებ კომენტარი საქართველოს რაგბის კაშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძეს ვთხოვეთ:
- სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს ბუქარესტის ტურნირზე ძალიან ბევრი ძირითადი მოთამაშე დააკლდება, რადგან ტურნირი სატრანსფერო "ფანჯარას" ემთხვევა და მოთამაშეთა უმეტესობა ახალი კლუბის ძიებით იქნება დაკავებული. მათ ნაცვლად რუმინეთში ახალგაზრდა მოთამაშეებს წავიყვანთ. ერთი მხრივ, ეს ცუდია, რადგან უძლიერესი მეტოქეები გვეყოლება, მაგრამ, ამავდროულად, ახალგაზრდა მორაგბეები უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ.
ნამიბიელებთან მატჩს დიდი ყურადღებით ვეკიდებით, რადგან ოფიციალური ტესტია და აღარ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, როცა ასეთ შეხვედრებს სათანადოდ მობილიზებული ვერ შევხვდით და შედეგად, რეიტინგში დავქვეითდით. თუმცა ახლავე ვაცხადებ: IRB-ს ერთა თასზე ახალგაზრდების მიერ გამოცდილების მიღებას შედეგზე მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ნამდვილად არ მსურს, გულშემატკივარს ილუზია გავუჩინო, რომ შოტლანდიასთან რევანშს ავიღებთ და ა.შ. მირჩევნია საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე დაამტკიცოს თავისი ძალა.
- შოტლანდიელებთან მატჩს ერთგვარი ინტრიგა იმის გამოც ექნება, რომ რიჩი დიქსონი, რომელიც საქართველოს ნაკრების კონსულტანტია რაგბის განვითარების საქმეში, თავის დროზე შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი გახლდათ.
- რიჩი დიქსონი იმდენად კარგად მუშაობს, რომ "დავაწინაურეთ" და ამჟამად რაგბის კავშირის მთავარი მრჩეველია. მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ ეს კაცი სულ იმას უსვამს ხაზს, რომ "ქართველია". - "ჩვენ რომ ამას გავაკეთებთ", "იმათ უნდა მოვუგოთ", "ჩვენი გუნდი" და ა.შ. - აი, ასეთია ხოლმე მისი პოზიცია. ის ნამდვილი პროფესიონალია და ამავდროულად შესანიშნავი ადამიანი. ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი რაგბი და როცა ხედავს, რომ მის შრომას აშკარა შედეგი აქვს, მეტ სტიმულს იღებს. დიახ, ის შოტლანდიელია, მაგრამ ახლა საქართველოს ნაკრებისთვის მუშაობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან წარმატებას მივაღწიოთ.
No comments:
Post a Comment