May 7, 2010
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები წინანდალში დაჯილდოვდა
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების წევრები, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მე-3 ადგილისათვის, 3 მაისს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის - ნიკოლოზ რურუას მადლობის სიგელებით წინანდალში დაჯილდოვდნენ.
ჭაბუკ "ბორჯღალოსნებს" სიგელები წინანდალში მდებარე ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმში, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაურმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა - გია ნიჟარაძემ გადასცეს. წინანდალში ვიზიტამდე მორაგბეებმა ალავერდის მონასტერი მოინახულეს.
ალავერდის მონასტერში საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებს მონასტრის ბერებმა ეკლესიის ისტორია გააცნეს და ის წმინდა ადგილები აჩვენეს, სადაც საქართველოს დიდგვაროვანთა სამარხები მდებარეობს. ალავერდის მონასტრის ადგილობრივმა ღვთისმსახურებმა მორაგბეები დალოცეს, საეკლესიო საჩუქრები გადასცეს და სამომავლო წარმატებები უსურვეს.
ალავერდიდან კი ნაკრების წევრებმა მწვრთნელებთან, რაგბის კავშირისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმში გადაინაცვლეს.
წინანდალში მორაგბეებმა ჭავჭავაძეების საგვარეულო სახლმუზეუმი, ღვინის უნიკალური საცავი და ლეგენდარული ესპანელი მხატვრის - სალვადორ დალის ნამუშევრები დაათვალიერეს.
დაჯილდოების ცერემონიალი წინანდლის მარანში გამართულ მესამე ტაიმზე შედგა, სადაც მორაგბეებსა და მათ მწვრთნელებს ლევან მგელაძის თავკაცობით, მადლობის სიგელები გადაეცათ მინისტრ - ნიკოლოზ რურუას ხელმოწერით.
გია ნიჟარაძე: ”ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს იმ ასაკობრივი ნაკრების წევრებმა, რომლებმაც სამომავლოდ ეროვნული გუნდის რიგებში უნდა ითამაშონ, საქართველოს ისტორია და ღირსშესანიშნაობები კარგად იცოდნენ.
ეს ტრადიციად დამკვიდრდება და სამომავლოდ რაგბის კავშირი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან და სპორტის დეპარტამენტთან ერთად კიდევ არაერთ მსგავსი ხასიათის ღონისძიებას დაგეგმავს. ვფიქრობ, საკუთარი ქვეყნის ასეთი ულამაზესი ადგილების მონახულება, ახალგზარდა მორაგბეების სპორტულ შემართებაზე მომავალში საუკეთესოდ იმოქმედებს."
დავით ნამგალაური: ”საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილი ღირსეულად დაიკავა. ვფიქრობ, ამიერიდან მუდამ გვექნება საპრიზო სამეულში ყოფნის პრეტენზია. დღევანდელი ღონისძიება კი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და რაგბის კავშირის ერთობლივი სურვილით დაიგეგმა და ნაკრების წევრებისათვის წინანდალში დაჯილდოება მართლაც გამორჩეულ დღედ იქცა."
ლევან გოგოლაშვილი: "ალავერდში მამაომ გვითხრა, რომ აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი ძირი და ის თუ საიდან მოვდივართ და ვისი შთამომავლები ვართ, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდებისათვის. ძალიან გამიხარდა ასეთი სიურპრიზი რომ მოგვიწყვეს და ალავერდისა და წინანადლის მონახულების საშუალება მოგვცეს. გაგვიხარდა სიგელებით დაჯილდოებაც. მთლიანობაში, ეს ყოველივე, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ სტიმულს მოგცვემს.”
ლაშა ლომიძე: ”ძალიან გახარებული ვარ, რომ დღეს საშუალება მოგვეცა ალავერდის მონასტერი და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმი დაგვეთვალიერებინა. აქამდე არ გვქონდა ნანახი და ამ ყოველივემ ჩვენზე მართლაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა.”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment