2008 წელს, მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრებმა რუსეთი კრასნოაირსკის გაყინულ მოედანზე 18:12 დაამარცხა, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, “ბორჯღალოსანთა” იმჟამინდელ ავსტრალიელ მთავარ მწვრთნელ ტიმ ლეინს ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა უთხრა - “თქვენთვის გაყინულ მოედანზე უფრო ადვილია თამაში და ალბათ, იმიტომ მოიგეთო” (გეგონება, ის მატჩი კრასნოიარსკში ქართველთა ინიციატივით დაინიშნა! - რედ.), რაზეც ავსტრალიელმა უპასუხა - “საქართველო რუსეთს ყველგან და ყოველთვის მოუგებს - ყინვაშიც და სიცხეშიც, თოვლშიც და წვიმაშიც, უდაბნოშიც და თუ გნებავთ, მთვარეზეცო”.
მას შემდეგ, რუსთა მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო, გუნდებმა თითო-თითო შეხვედრა ნეიტრალურ მოედნებზე ჩაატარეს - უკრაინულ მარიუპოლში და თურქულ ტრაბზონში და რაღა თქმა უნდა, გამარჯვება ისევ ქართველებს დარჩათ. ახლა, როდესაც მთვარე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა, რუსებმა თამაში მთლად მთვარეზე ვერა, მაგრამ სოჭში დანიშნეს და ათასგვარ არასპორტულ ხერხს მიმართეს, რათა თავიანთთვის უსიამოვნო ტრადიცია დაერღვიათ. მაგრამ ლეინს სამი წლის წინათ ტყუილად კი არ უსაუბრია - თავსხმა წვიმაში, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 15:9 დაამარცხა და მავან რუს გულშემატკივარს ათქმევინა, ეს შედეგი და ერთი პრემიალური ქულის აღება (7 ქულაზე ნაკლები ანგარიშით მარცხისთვის) ჩვენთვის გამარჯვების ტოლფასიაო (?!)...
სხვა რაღა დარჩენიათ!
საქართველოს ნაკრებმა ევროპის “ერთა თასის” წლევანდელი გათამაშება ვადამდე ერთი ტურით ადრე, თბილისში რუმინეთის 18:11 დამარცხების შემდეგ მოიგო, რადგან მოგვიანებით, პორტუგალია მოულოდნელად ესპანეთთნ შერცხვა და “ბორჯღალოსნები” მეტოქეთათვის მიუწვდომელნი გახდნენ. მიუხედავად ამისა, საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირება ყველა დონეზე განსაკუთრებული მოვლენაა და ბიჭებს მოტივაცია არ აკლდათ. მით უმეტეს, მათ ტურნირში “დიდი სლემით” (ყველა შეხვედრის მოგება) გამარჯვება სურდათ, რუსეთთან წარმატებული სერიის გაგრძელება ეწადათ და რიჩი დიქსონსაც, ვისი ხელმძღვანელობითაც, ნაკრებმა მანამდე ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ექვსივე მოიგო, ტრადიციის გაგრძელება უნდოდა.
ქართველი მორაგბეები სოჭში, თამაშის წინა დღეს გაემგზავრნენ და ადლერის აეროპორტში რუსმა მესაზღვრეებმა მათ პრობლემა შეუქმნეს. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დავით კაჭარავა, უმიზეზოდ დააკავეს და სანამ საქმეში რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი არ ჩაერთო, ორი საათი გამომწყვდეული ჰყავდათ. შაბოლოოდ, კაჭარავა კი გაანთავისუფლეს, მაგრამ შეყოვნებამ ქართველთა გეგმები არია და კაპიტნის ვარჯიში ვეღარ ჩატარდა. მიუხედავად ამისა, “ბორჯღალოსნებმა” ტრადიციული, თვდაუზოგავი ბრძოლით, ქართველ ხალხს მორიგი სიხარული აჩუქეს, ოღონდ ეგაა, რუსებმა მორიგი სირცხვილის თავიდან აცილების გამო, ტელერეპორტაჟი დაბლოკეს და ქართველმა გულშემატკივარმაცნ მატჩის პერიპეტიები სხვადასხვა ტექსტური საიტებიდან და რადიორეპორტაჟებიდან შეიტყო.
არავინ იცის, რუსებს რისი იმედი ჰქონდათ, მაგრამ ერთ-ერთ ტექსტურ ლაივზე ასეთი ინფორმაცია გაჟღერდა - “აქამდე, რუსეთის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ მუდამ წითელი კვართებით თამაშობდა და მარცხდებოდა. ამიტომ, ახლა მათ თეთრი ფერის მაისურები მოირგეს და ეს, წარმატების საწინდარი უნდა გახდესო”. “ფეოლასი” არ იყოს - “ვაი, თქვენს პატრონს”! როდის იყო, კვართის ფერი მატჩის ბედს წყვეტდა, ანაც, თანაბარ პირობებში რუსი ქართველს ჯობნიდა? მით უმეტეს, როდესაც მოედანზე 15 მორაგბე გადის, ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს ოდნავი შანსიც არა აქვს და მსაჯიან-მაყურებლიანად, მუდამ დამარცხებული რჩება.
სოჭის “სლავა მეტრეველის” სახელობის სტადიონის ტრიბუნაზე, თავი 4-5 ათასმა მაყურებელმა მოიყარა და მათ შორის არცთუ მცირე ნაწილი, სოჭსა თუ რუსეთის სხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველი გულშემატკივრები იყვნენ. ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურად ამხნევებდნენ ქართველ ვაჟკაცებს და გამარჯვებაც მათთან ერთად აღნიშნეს. თამაში იოლი არ ყოფილა, პირიქით, “ბორჯღალოსნებს” მძიმე ბრძოლა გადახდათ, მაგრამ, ბოლო დროის ტრადიციის თანახმად, მეტოქეს სალელოვე შანსი ერთხელაც არ მისცეს და ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე “ერთა თასზე” ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში, ქართველმა მორაგბეებმა 24 ლელო გაიტანეს, თავად კი მხოლოდ ერთი მიიღეს. ეს ერთი, რუმინელთა ანგარიშზეა და მაშინაც ,მსაჯმა ვიდეორეფერი მოითხოვა, თუმცა, მისი არარსებობის პირობებში გვერდითი მსაჯის “ჩვენებას” ენდო და ვინ იცის, ეგებ, ლელო ჩასათვლელი არც იყო.
რაც შეეხება უშუალოდ სოჭის შეხვედრას, იმ საშუალებების გათვალისწინებით, რომლითაც იქ მიმდინარე ამბებს ვიგებდით, შეიძლება ვთქვათ, რომ კვლავ ხშირი იყო ტექნიკური წუნი. ბურთი ამჯერადაც ხშირად ვარდებოდა წინ, რაც დიდწილად, სველი მოედნის ბრალიც უნდა იყოს, კვლავ არ ვარგოდა დერეფანი, მაგრამ რაც ძალზე მნიშვნელოვანია, შესვენების შემდეგ, ქართველთა თამაშში მნიშვნელოვანი კორექტირება მოხდა, “ბორჯღალოსნები” მათთვის ჩვეულ ძალისმიერ თამაშზე გადაერთნენ და აქ, მორაგბე პირწმინდად დაჩაგრეს.
ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გაიხსნა. მე-3 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა დაახლოებით 30 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა. რუსები ბურთს ფეხით ჩვენს ზურგს უკან ხშირად კიდებდნენ, სადაც ბესიკ ხამაშურიძეს მისი დამორჩილება უჭირდა, მაგრამ რეალურ საფრთხემდე სიტუცია არ მისულა. საწყისმა 20-25-მა წუთმა ქართველი მორაგბეების უპირატესობით ჩაიარა, ისინი უმეტეს დროს მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ, მაგრამ ტექნიკური წუნის გამო, ეს უპირატესობა ანგარიშში არ აისახა. მხოლოდ ერთხელ, 24-ე წუთზე მიეცა კვირიკაშვილს ჯარიმით ქართველთა უპირატესობის გაზრდა, მაგრამ დაახლოებით 50 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ, ბურთს მასპინძლები დაეუფლნენ, ტერიტორიული უპირატესობა უკვე მათ მხარეს გადავიდა და 27-ე წუთზე, საგანგებოდ საქართველოსთან თამაშისთვის გამოძახებულმა კონსტანტინ რაჩკოვმა, 35 მეტრიდან შესრულებული ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. მსაჯმა შესვენებამდე ქართველი მორაგბეები კიდევ რამდენჯერმე დააჯარიმა და მათ თამაშის საშუალება არ მისცა. რუსებმა ჯარიმით ორჯერ სცადეს დაწინაურება, მაგრამ ერთხელ საკუთარი ნახევრიდან, ხოლო მეორედ, დაახლოებით 37 მეტრიდან მიზანმა უმტყუნათ. შესვენების წინ, რაჩკოვმა არეკნი სცადა, მაგრამ კვირიკაშვილმა კარგად დაუფარა და სალელოვე კონტრშეტევის წამოწყებამდე სულ ცოტა დააკლდა.
აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში, რუსებმა რამდენჯერმე კარგი მოლის დაყენება შეძლეს და გარკვეული მანძილიც მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში ქართველებმა დაანახეს, თუ როგორ უნდა მოლით შეტევა. მანამდე, მეორე ტაიმის საწყის წუთებზე, მასპინძლებმა შეტევის განვითარება სცადეს, მაგრამ საბოლოოდ, ქართველთა 22-ის ხაზთან “ბორჯღალოსნებმა” შერკინების უფლება მიიღეს. პირველი დარტყმა მამუკა გორგოძემ განახორციელა და დაახლოებით 7-8 მეტრით წინ წაიწია, მას მხარი თანაგუნდელებმა აუბეს, რაც მთავარია, ბურთი არ დაკარგეს და ასე მოკლე-მოკლე დარტმებით, ჯერ ცენტრი გადალახეს, მერე რუსთა 22-ში შეაღწიეს, ბოლოს კი, მეტოქის ჩათვლის მოედანს 5 მეტრამდე მიუახლოვდნენ. დაახლოებით 20 ფაზიანი შეტევა ჯარიმით დასრულდა, ირაკლი აბუსერიძემ კარის გასწვრივ 5 მეტრიდან ნაღდი სამი ქულის აღებას, შერკინება არჩია, “ბორჯღალოსნები” მეტოქეს მიეძალნენ, მათაც ვეღარ გაძლეს და შერკინებაში ზედიზედ სამჯერ განზრახ დაჯარიმდნენ, რის გამოც, ფრანგმა რეფერიმ საჯარიმო ლელო დააფიქსირა, კვირიკაშვილმა კი, რეალიზაცია გამოიყენა - 10:3.
ეს 49-ე წუთზე მოხდა, ოთხ წუთში კი, რეფერიმ დავით ზირაქაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან 10 წუთით გააძევა. ამასთან, მან რუსებს ბლომად ჯარიმები უბოძა და საქართველოს ნაკრებს მთელი ენერგიის დაცვისკენ მიმართვა მოუხდა. რაჩკოვმა პირველი ჯარიმა არაზუსტად დაარტყა, მაგრამ მეორე შანსი ხელიდან არ გაუშვა და ახლო მანძილიდან სხვაობა შეამცირა, ოღონდ ეს, სასჯელის 10 წუთიანი ვადის ამოწურვას დაემთხვა. შეივსო თუ არა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, “ბორჯღალოსნებმა” ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს, მაგრამ კვირიკაშვილის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.
სამაგიეროდ, რაჩკოვმა 71-ე წუთზე საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვა და 35 მეტრიდან გატანილი ჯარიმით, ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. ეს ქართველებმა იუკადრისეს, ცენტრის სიახლოვეს საკუთარი აუტი შალვა სუთიაშვილმა მოიგო და მოლით საქართველოს ნაკრები რუსთა 22-ში შევიდა. იქ, მასპინძლები დაჯარიმდნენ და მოედანზე ხელჩართული ჩხუბი ატყდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გორგოძე იყო. საბედნიეროდ, გვერდით მსაჯთან თათბირის შემდეგ, რეფერიმ ქართველებს არავინ გაუსინბინა და ბურთიც დაუტოვა, ოღონდ ეგაა, ჩხუბის ამტეხი რუსიც დაინდო. “ბორჯღალოსნებმა” ჯარიმა აუტში გადაიტანეს, სუთიაშვილმა კვლავ იმარჯვა, ისევ მოლი, სადაც “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე გადაქელეს და ჯაბა ბრეგვაძემ ლელო გაიტანა. შეცვლაზე შესულ ლაშა მალაღურაძეს რეალიზაცია გაუფუჭდა - 15:9.
რუსებმა სალელოვედ გაიბრძოლეს, “ბორჯღალოსნებმა” მათი შერკინება დაჩაგრეს და ბურთი დაიბრუნეს და კონტრშეტევა წამოიწყეს, მაგრამ რეფერიმ მეტოქის 22-ში დაგვაჯარიმა და ბურთი რუსებს გადასცა, რითაც მათ ბოლო შანსი მისცა, თუმცა, მათ ხელდახელ შეტევა არ გამოუვიდათ და ვიტო კოლელიშვილს კიდევ ერთი ლელოს გატანამდე სულ ცოტა დააკლდა. მერე, აბუსერიძემ ბურთი აუტში მოიგერია და საქართველოს ნაკრებს რუსეთთან გამართულ მე-15 შეხვედრაში მე-13 გამარჯვება მოუტანა. უკვე 18 წელია, საქართველოს ნაკრები რუსეთს უშანსოდ ტოვებს, 14 შეხვედრაში, ფრეს მხოლოდ ერთხელ - 2002 წელს დააჯერა. იმედია, ეს სასიამოვნო ტრადიცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა. ახლა მათ, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IღB) ორშაბათის რეიტინგში 0,751 ქულა დაემატებათ და მე-13 ადგილზე მყოფ იაპონიას კიდევ უფრო მიუახლოვდებიან.
ამავე დღეს, ევროპის “ერთა თასზე” კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. უკრაინამ ლისაბონში პორტუგალიასთან ბლომად ქულები აგროვა, მაგრამ თავად თითქმის ორჯერ მეტი გაუშვა და 24:46 დამარცხდა, ხოლო რუმინეთმა ესპანეთს შანსი არ დაუტოვა - ერთის საპასუხოდ, ცხრა ლელო გაუტანა და მეტოქე 64:8 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები მეორე ტაიმში გატყდნენ, შესვენებაზე გასვლისას კი, სულ რაღაც 3:17 აგებდნენ. მიმდინარე წლის “ერთა თასზე” კიდევ ერთი შეხვედრა უნდა გაიმართოს. უკრაინისა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრა დიდთოვლობის გამო გადაიდო და მისი ჩატარების ვადა მოგვიანებით გაირკვევა.
ევროპის 2011-2012 წლების “ერთა თასი”. V ტური
19 მარტი. სოჭი. 4500
რუსეთი - საქართველო 9:15 (3:3)
რუსეთი: 15. იგორ კლიუჩნიკოვი, 14. ვასილი არტემიევი, 13. მიხაილ ბაბაევი, 12. იგორ გალინოვსკი, 11. ვლადიმირ ოსტროუშკო, 10. კონსტანტინ რაჩკოვი, 9. ალექსანდრ შაკიროვი, 8. ვიაჩესლავ გრაჩოვი, 7. ანდრეაი ოსტრიკოვი, 6. არტიომ ფათახოვი, 5. ანდრეი გარბუზოვი, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 3. ივან პრიშჩეპენკო, 2. ვლადისლავ კორშუნოვი (კაპ.), 1. სერგეი პოპოვი.
სათადარიგოები: 22. ვიქტორ გრესევი, 21. იური კუშნარიოვი, 20. ალექსანდრ იანუშკინი, 19. ანდრეი ტემნოვი, 18. ევგენი მატვეევი, 17. ალექსეი ტრავკინი, 16. ალექსანდრ ხროკინი.
3 ჯარიმა: რაჩკოვი
მწვრთნელი: ნიკოლაი ნერუში
საქართველო: 15. ბესიკ ხამაშურიძე (21. ბექა ურჯუკაშვილი 41), 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. მერაბ კვირიკაშვილი (22. ლაშა მალაღურაძე 71), 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი ჩხაიძე (17. ვასილ კაკოვინი 54-64); (19. ვიტო კოლელიშვილი 76), 8. მამუკა გორგოძე.
სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი, 18. გიორგი ნემსაძე, 20. ბიძინა სამხარაძე.
2 ლელო: საჯარიმო, ბრეგვაძე
1 რეალიზაცია: კვირიკაშვილი
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი
სინბინი: ზირაქაშვილი
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)
რუმინეთი - ესპანეთი 64:8
პორტუგალია - უკრაინა 46:24
1. საქართველო 5 5 0 0 168-35 22
2. პორტუგალია 5 3 0 2 113-98 13
3. რუმინეთი 4 2 0 2 125-53 11
4. რუსეთი 5 2 0 3 100-98 11
5. ესპანეთი 5 2 0 3 92-175 10
6. უკრაინა 4 0 0 4 45-184 0
უკრაინა - რუმინეთი (გადადებული)
No comments:
Post a Comment