ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
"მიდი ოლიმპიკი" ტრადიციულად, ყოველი შობის წინ, მიმდინარე გათამაშების საუკეთესო მორაგბეებს არჩევს და საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს ადგენს.
გორგოძე პირველი ქართველი მორაგბეა, ვინც ამ ნაკრებში მოხვდა. მან საუკეთესოთა შორის ადგლი მესამე ხაზში, შვიდი ნომრის პოზიციაზე დაიკავა. აი, როგორ აფასებს მის თამაშს "მიდი ოლიმპიკი":
"მამუკა გორგოძე წლევანადელ სეზონში "მონპელიეს" წარმატების სიმბოლოა.
ერიკ ბეშუმ და ფაბიენ გალტიემ ის მეორე ხაზიდან მესამეში გადაიყვანეს და არც შემცდარან. ღონიერმა, სწრაფმა და ბრძოლაში შეუპოვარმა ქართველმა დისციპლინაში არსებული პრობლემების მოგვარება შეძლო და საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე გახდა".
სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, ოთხი წარმომადგენელი ფრანგული რაგბის გრანდს, "ტულუზს" ჰყავს. აღსანიშნავია, რომ "მონპელიედან", რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია, საუკეთესოთა შორის გორგოძის გარდა ვერავინ მოხვდა.
"მიდი ოლიმპიკის" სიმბოლურ ნაკრებშია ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი, ბიარიცელი დიმიტრი იაშვილიც.
"30 წლის ცხრა ნომერი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ნაკრებში ხშირად არ უწევდა თამაში, "იაში" "ბიარიცში" ასპარეზობისას სასწაულებს სჩადის. ოსტატობა, თამაშის მართვის უნარი და ფეხჩუბინობა მას ბასკური გუნდის ლიდერად წარმოაჩენს", - წერს "მიდი ოლიმპიკი" დიმიტრი იაშვილის შეფასებისას.
აღსანიშნავია, რომ იაშვილს სიმბოლურ ნაკრებში პარტნიორად გაუმწესეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი, ინგლისელი ჯონი ვილკინსონი.
გორგოძე საუკეთესოთა შორის ისეთი სახელოვანი მორაგბეების გვერდითაა დასახელებული იანიკ ჟოზიონი, მაქსიმ მედარი, ვილაიმ სერვა და ანდრეა ლო ჩიჩერო რომ არიან.
საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები
15. რომენ ტულე (კასტრი), 14. იოან უგე (ბაიონი), 13. სერუ რაბენი (ლა როშელი), 12. იანიკ ჟოზიონი (ტულუზი), 11. მაქსიმ მედარი (ტულუზი), 10. ჯონი ვილკინსონი (ტულონი), 9. დიმიტრი იაშვილი (ბიარიცი).
1. ანდრეა ლო ჩიჩერო (მეტრო რასინგი), 2. ვილიამ სერვა, 3. სენკას ჯონსტონი (ორივე-ტულუზი), 4. ერიკ ლუნდი (ბიარიცი), 5. პასკალ პაპე (სტად ფრანსე), 6. ჯერარდ ვოსლოო (ბრივი), 7. მამუკა გორგოძე (მონპელიე), 8. კრის მასო (კასტრი).
No comments:
Post a Comment