გიორგი ნიჟარაძე დავით ზირაქაშვილს აჯილდოვებს
წლის მიწურულს, რაგბის კავშირმა, ტრადიციისამებრ, შემაჯამაბელი ღონისძიება გამართა: დაჯილდოვდნენ საქართველოს 2010 წლის ეროვნული გათამაშების პრიზიორი და ჩემპიონი გუნდები; დასახელდნენ სხვადასხვა კატეგორიებში გამართული კონკურსების გამარჯვებულები. კერძოდ, გამოცხადდა 2010 წლის ერვონული ჩეპიონატის საუკეთესო მორაგბე, წლის მწვრთნელი, ყველაზე კორექტული გუნდი, საქართველოს ჩემპიონატის რჩეულ მორაგბეთა სიმბოლური ნაკრები, ასევე დასახელდა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და მელელოვე და ბოლოს, ღონისძიების მიწურულს, საზეიმოდ გამოცხადდა წლის უპირველესი ქართველი მორაგბის ვინაობა.
გამოკითხვა ჩატარდა კლუბების ხელმძღვანელებსა და ჟურნალისტებს შორის, სპეციალურიად შედგენილი კითხვარების მეშვეობით: წლის მორაგბის კატეგორიაში დავით ზირაქაშვილი უპირობო ლიდერი გახდა; საუკეთესო მწვრთნელის კონკურსში უპირატესი პოზიცია ლოკომოტივის დამრიგებელმა , თემურ ბენდიაშვილმა დაიკავა, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ყოჩების მწვრთნელი, ლევან მგელაძე და და შარშანდელი ნომინაციის გამარჯვებული, „ლელოს“ მწვრთნელი ლევან მაისაშვილი. ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბის კატეგორიაში ქუთაისის „აიას“ მეთხუთმეტე ნომერი, ბესიკ ხამაშურიძე, იგივე „ანტილოპა“ დასახელდა. საგულისხმოა, რომ ამ კატეგორიაში სამი რჩეული გამოიკვეთა: ხამაშურიძემ ერთი ქულით გაუსწრო „ლელოელ“ ლექსო გუგავას და შვიდი ქულით - ასევე „ლელოელ“ ვიქტორ კოლელიშვილს.
ნომინაციაში „წლის ყველაზე დისციპლინირებული გუნდი“, აკადემიამ“ გაიმარჯვა. საუკეთესო მელელოვე მიხეილ არჩუაშვილი გახდა - „ვისოლი - ყოჩების“ მორაგბემ, წლეულს რვა ლელო დადო; ხოლო საუკეთესო ბომბარდირად ლოკომოტივის 10 ნომერი ბორის (ბობა) კვინიხიძე დასახელდა, რომელმაც 2010 წლის ჩემპიონატში, თავის გუნდს 197 ქულა მოუპოვა.
ჩემპიონატის პრიზიორებსა და ნომინაციების გამარჯვებულებს ჯილდოები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ნამგალაურმა და რაგბის კავშრის პრეზიდენტმა, გუიორგი ნიჟარაძემ გადასცეს.
წლის საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო მორაგბე - დავით ზირაქაშვილი
ღონისძიება ნაკრების მოძღვარმა, მამა ილიამ დალოცა, რასაც მოყვა გიორგი ნიჟარაძის მოკლე შესავალი სიტყვა. რაგბის კავშირის თავკაცმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ის მიღწევები და წარმატებები, რაც ქართულ რაგბის წლეულს ქონდა. კერძოდ: ეროვნული ნაკრების ზედიზედ მესამე გასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე, დიდი გამარჯვება ერთა თასის ყველაზე დრამატული მატჩში რუსეთის ნაკრებთან და შემოდგომის ტესტები, რომლბზეც ქართველებმა პირველად დაამარცხეს კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების საკმაოდ ძლიერი ნაკრებები - „ბევრი რამ წლეულს პირველად მოხდა ქართული რაგბის ისტორიაში“ - აღნიშნა გიორგი ნიჟარაძემ - „19 წლამდელთა ნაკრები, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონი გახდა; 18 წლამდელება საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს IRB-ს ძალზე პრესტიჟულ, ევროპულ ასპაარეზობაზე. ასევე პირველად - თხუთმეტწლამდელები ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ მსოფლიოს დედაქალაქთა შვიდკაცა ტურნირზე, რომლის ფინალშიც ქართველმა ჭაბუკებმა მხოლოდ ერთი ქულით დათმეს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან“. თავის სიტყვაში გიორგი ნიჟარაძემ ასევე აღნიშნა „ა“ნაკრების ძალზე წარმატებული, პირველი ტურნე სამხრეთ აფრიკაში და 17 წლამდელთა ძლევამოსილი გამარჯვებები უკრაინისა და მოლდოვას ნაკრებებთან ამხანაგურ მატჩებში.
ამის შემდეგ, 2010 წლის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდების დაჯილდოვება მოხდა: ბრინჯაოს მედლები „ვისოლი-ყოჩების“ მწვრთნელსა და მოთამაშეებს გადაეცათ, ვერცხლი - „ლელოს“, ხოლო ოქრო - „ლოკომოტივს“. ჩემპიონი გუნდის დამრიგებელმა და წლის საუკეთესო მწვრთნელმა, თემურ ბენდიაშვილმა, თავისი მედალი საზეიმოდ გადასცა წლის ყველაზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენს - დავით ზირაქაშვილს.
დავით ზირაქაშვილი, პირველი მორაგბეა, რომელმაც წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ნომინაციაში გაიმარჯვა. კონკურსი, როგორც ცნობილია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა და დააწესა პრიზი - ბრინჯაოს ლომი, რომელიც ლოკომოტივის ყოფილი მორაგბისა და შესანიშნავი ქართველი მოქანდაკის - გიორგი ჯაფარიძის მიერ არის შექმნილი. „ზირაქამ“ ევროპული უამინდობის გამო, თბილისში დროულად ჩამოსვლა ვერ შეძლო და, შედეგად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ღონისძიებას ვერ დაესწრო. წლის ქართველი სპორტსმენის პრიზი - 15 კილოგრამიანი ლომი დავით ნამგალაურმა „ზირაქას“ რაგბის კავშირის მიერ გამართულ ღონისძიებაზე გადასცა. ზირაქაშვლს ასევე გადაეცა წლის საუკეთესო მორაგბისთვის განკუთვნილი ე. წ. „ადრესი“ და სუვენირი, “ბაზისბანკის” 5 ათას ლარიანი ბარათი და ტიხრული მინანქრის ტექნიკით შესრულებული მედალიონი წმინდა გიორგის გამოსახულებით. მედალიონზე გაკეთებულია წარწერა: „ღმერთი შეეწიოს 2010 წლის საუკეთესო მორაგბე დავით ზირაქაშვილს.“
სცენაზე ასულ „ზირაქას“ დარბაზი ფეხზე წამოუდგა და მქუხარე ტაშთ დააჯილდოვა. სპორტსმენის სამადლობელი სიტყვა მოკლე და გულშიჩამწვდომი იყო: „10 წლის უკან, როდესაც რაგბის თამაში დავიწყე, იმასაც ვერ ვიფიქრებდი, რომ საქართველოს ნაკრებში მოვხვდებოდი. ყველას მოვუწოდებ, მაქსიმუმი გააკეთოს და დასახული მიზნისკენ სწრაფვას არ მოეშვას. სწორედ ამან მიმაღწევინა ასეთ აღიარებამდე”.
არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა წლის გამორჩეული მორაგბეებისგან შემდგარი, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები, რომელიც უპირატესად თბილისის „ლოკომოტივისა“ და „ლელოს“ მორაგბეებისგან შედგება. ნაკრებში სამი მოთამაშეა ქუთაისის „აიადან“; ორი - თბილისის „ვოსოლი-ყოჩებიდან“ და ერთიც „ბათუმი 15“ - იდან. სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
15. ბესიკ ხამაშურიძე (აია)
14. ირაკლი გეგენავა (ყოჩები)
13. ირაკლი ჩხიკვაძე (აია)
12. გოჩა ხონელიძე (ბათუმი)
11. ლექსო გუგავა (ლელო)
10. ბორის კვინიხიძე (ლოკომოტივი)
9. ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი)
8. ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი)
7. ვიქტორ კოლელიშვილი (ლელო)
6. გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი)
5. გელა შალამბერიძე (აია)
4. ლაშა აზალაძე (ლელო)
3. მიხეილ სუჯაშვილი (ლელო)
2. ჯაბა ბრეგვაძე (ვისოლი-ყოჩები)
1. დავით გასვიანი (ლოკომოტივი)
შემაჯამებელი ღონისძიება მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არ ყოფილა სიხარულის მომტანი: ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სპციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ ვეტერანი მორაგბეები, რომელთაც წლეულს მრგვალი თარიღები შეუსრულდათ. ყოველ მათგანს დიდუბის საგამოფენო კომპექსის მე-6 პავილიონში შეკრებილი საზოგადოება ფეხზე მდგარი უკრავდა ტაშს. ამას გარდა, მალხაზ ჭეიშვილს, პაატა ნარიმანაშვილსა და დავით ჩავლეიშვილს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭათ.
No comments:
Post a Comment