Apr 2, 2011

ქართველებმა ბრიტანული სტუდენტობა დაალელოვეს






ბრიტანულ ტურნეზე მყოფი საქართველოს სარაგბო ნაკრების მორიგი წარმატების შესახებ უკვე გაცნობეთ, ახლა კი, ოქსფორდ-კემბრიჯის (როგორც ირკვევა, ქართველებს სწორედ გაერთიანებულ ნაკრებთან უთამაშიათ და არა მხოლოდ ოქსფორდელებთან) გუნდთან მატჩის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც უკვე იცით, ფაქტობრივად ქვეყნის მე-3 ნაკრების რანგში წასულმა “საქართველო XV”-მა ოქსფორდში გამართული შეხვედრა 38:13 მოიგო. პირველ ტაიმში ქართველებმა 4 ლელო მიითვალეს. აქედან სამი ფრანგულ “ორტეზში” მოთამაშე პირველხაზელის კარლენ ასიეშვილის ანგარიშზეა (ასიეშვილმა ბრიტანეთის არმიელებს 2 ლელო დაუდო, ამდენად ჯამში, 5 (!) ლელო მოუგროვდა), ერთხელ კი თავი “ლელოს” უკანახაზელმა ლაშა ხმალაძემ გამოიჩინა, რომელიც ამჟამად, სარაგბო ოსტატობას ჰართლპულის კოლეჯში იმაღლებს.
ლელოებს ირაკლი ყიასაშვილის ზუსტად შესრულებული სამი გარდასახვა მოჰყვა. პირველივე ტაიმში ოქსფორდ-კემბრიჯელებმა ქულების მოპოვება მხოლოდ ჯარიმების ხარჯზე შეძლეს და საწყისი ნახევარი 6:26 დასრულდა.
მეორე ტაიმში ლელოები ვიტო კოლელიშვილმა (“კლერმონი”) და გიორგი მენაბდიშვილმა (“გრენობლი”) გაიტანეს, ხოლო გარდასახვა გოდერძი ჯოგლიძემ (“ლელო”) გამოიყენა. მასპინძლებმა პირველი და ერთადერთი ლელო მეორე ტაიმში დადეს და ანგარიშის შელამაზება შეძლეს – 13:38.
გასულ მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასეთი გახლდათ: ყიასაშვილი, გიგაური, ჯიმშელაძე, ჩხიკვაძე, ნიჟარაძე, ხმალაძე, ღვინჯილია, ასიეშვილი, ბელქანია, ყუფარაძე, გუჯარაიძე, აზალაძე, კოლელიშვილი, დაუშვილი, მაისურაძე (კაპ.).
“საქართველო XV” სანაკრებო რეზერვების ახლადშექმნილი სასელექციო გუნდია, რომელსაც ინგლისური ტურნესთვის Emerging Lelos ეწოდა. ნაკრებმა გასვლითი შეკრება ქალაქ ჩელტენჰემთან მდებარე ჰართლპულის კოლეჯის ბაზაზე 19 მარტს დაიწყო და საქართველოში 30 მარტს, გამთენიისას დაბრუნდება.

გუნდს ინგლისურ ტურნეზე ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი – რიჩარდ დიქსონი, დონ კასკი, მაიკლ ბრედლი, ილია მაისურაძე აკვირდებოდა.








No comments:

Post a Comment