შეხვედრის დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც პორტუგალიის ნაკრებმა კარის გასწვრივ 40 მეტრში ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო. ამ დროს საქართველოს ნაკრები სულ რაღაც ერთ ქულას იგებდა და მხოლოდ ძალიან ოპტიმისტი თუ დაიჯერებდა, რომ “ბორჯღალოსანთა” წარმატებული სერია გაგრძელდებოდა. დასარტყმელად შეცვლაზე შესული პედრუ კებრალი მოემზადა, ბურთი გაასწორა და - მის მიერ შესრულებული ჯარიმა საფეხბურთოს უფრო შეეფერებოდა და სარაგბოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
როგორც ჩანს მან ნერვები მოთოკა და ძალიანაც კარგი, რადგან საქართველოს ნაკრებმა მონაგარს ოთხი ქულა შემატა და ერთა თასზე ერთპიროვნულად გალიდერდა, მაგრამ ეს შეხვედრა “ბორჯღალოსნებს” არ მოუგიათ - ის პორტუგალიამ წააგო. მათ გუნდში არ აღმოჩნდა მერაბ კვირიკაშვილის დარი დამრტყმელი, რომელმაც 2009 წელს, თბილისში, შეხვედრის დროის ამოწურვის შემდეგ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა და საქართველოს ნაკრებს მარცხი აარიდა. ამჯერადაც გავიმართლა, მაგრამ ეს არ არის ის თამაში, რომლითაც საქართველოს ნაკრებს ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასზე წარმატების მიღწევის შანსი ექნება. სუსტ ესპანეთთან 12 თებერვალს ნაჩვენები ლამაზი, ხარისხიანი თამაშის შემდეგ, შედარებით ძლიერ მეტოქესთან ნათლად გამოჩნდა, რომ საგრძნობ პროგრესზე და მნიშვნელოვან წინსვლაზე საუბარი, ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან ნაჩქარევია.
კარგია, რომ ხარვეზები ახლა გამოჩნდა. მომავალ შეხვედრამდე ორი კვირაა, რომელიც მწვრთნელებმა სიტუაციის შესაცვლელად უნდა გამოიყონენ. მეტოქე ის რუმინეთია, რომლის დამარცხებაც ახალ ზელანდიაში იგეგმება და რიჩი დიქსონმა და მისმა გუნდმა უნდა დაგვანახოს, რომ მის ხელში საქართველოს ნაკრები ისეთი პროგრესით ვითარდება, რომელიც ქართული რაგბის გულშემატკივრებს 2011 წლის მსოფლიო თასზე და უფრო შორეულ პერსპექტივაში იმედიანად ყოფნის საშუალებას მისცემს.
საქართველოს ნაკრებმა ყველა კომპონენტში უამრავი შეცდომა დაუშვა. ტრადიციული წუნი იყო ტექნიკაში, გადაცემებში, გადაწყვეტილებების მიღებაში, დერეფანში და “ბორჯღალოსანთა” მთავარ კოზირ შერკინებაშიც კი. სწორედ შერკინებაში დაშვებულ შეცდომას მოყვა ის ეპიზოდი, რომელმაც კებრალი მთელი პორტუგალიის საგინებელი გახადა. ამოცანა მარტივი იყო - საკუთარი შერკინებიდან ბურთის სწორედ გამოტანა და შემდეგ მისი აუტში გადატანა, მაგრამ შეცდომა ლამის მარცხის ტოლფასი აღმოჩნდა. შეცდომები დაუშვეს საკვანძო პოზიციის მორაგბეებმა - 10-მა ნომერმა ლაშა მალაღურაძემ და 15-მა ბექა ურჯუკაშვილმა. პირველი შეტევებს ხშირად არასწორ მიმართულებას აძლევდა, მეორე კი გადაკიდებული ბურთების აღებისას და სიტუაციის განმუხტვისას ცდებოდა. შესაძლოა, 20 წლის ურჯუკაშვილი ზომაზე მეტს ნერვიულობდა და შეცდომებიც ამის ბრალი იყო. მართალია მან უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ შეცვლაზე ორჯერ ითამაშა და ორივე შემთხვევაში ლელოები გაიტანა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, მისთვის ჯერ კიდევ ნაადრევია.
თავის მხრივ, უამრავი შეცდომა დაუშვა პორტუგალიამ. მათ რომ გამართულად ეთამაშათ, ბოლო წუთზე დანიშნული ჯარიმა ვეღარაფერს შეცვლიდა და მარცხიც გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის პორტუგალია არ იქნებოდა და არც ჩვენს დონეზე ითამაშებდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეცდომების მხრივ თითქმის თანაბარი სიტუაცია იყო, რადგან ყველა შანსი რომ გამოეყენებინათ, “ბორჯღალოსნები” ისეთ უპირატესობას მოიპოვებდნენ, სანერვიულოც აღარაფერი იქნებოდა და ლისაბონიდან პრემიალური ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდებოდნენ.
მოკლედ, ლისაბონი ამ შეხვედრას მშვენიერი ამინდით შეხვდა. ტრიბუნაზე 50-მდე ქართველი გულშემატკივარიც შეიკრიბა და თამაშიც გაჩაღდა. მასზე დიდი გავლენა იქონია იტალიელმა რეფერიმ კლაუდიო პასაკანტანდომ, რომელიც ჩაფსტვენის შანსს ხელიდან არ უშვებდა და თამაშიც ხშირად ჩერდებოდა. პირველი მეტოქის შერკინება ქართველმა მორაგბეებმა მოიგეს და ცენტრიდან ბურთი აუტში გაიტანეს, რის შემდეგაც მოკლე დარტყმებით სცადეს პორტუგალიელთა დაცვის ხაზის გარღვევა, მაგრამ ეპიზოდი წინ ვარდნის გამო დაიკარგა. მე-7 წუთზე “ბორჯღალოსნებმა” მეტოქის შერკინებაში მეორედ იმარჯვეს, მაგრამ შეცდომის გამო ეს ეპიზოდიც გამოუყენებელი დარჩა. საწყისმა 10-მა წუთმა მეტოქის ნახევარზე ჩაიარა, მაგრამ ცენტრის სიახლოვეს ბურთი კიდევ ერთხელ დაიკარგა, ჩხაიძემ მეტოქე მხრებს ზევით შებოჭა, დაჯარიმდა და პრაქტიკულად პირველივე ეპიზოდი, ჯოზეფ გარდნერმა სამ ქულად აქცია.
წონასწორობა ორ წუთში აღდგა. მასპინძლები ბურთის ჩახურვისთვის დაჯარიმდნენ და ლაშა მალაღურაძემ კარის გასწვრივ ახლო მანძილიდან გაიტანა. შეხვედრა განახლდა თუ არა, რეფერიმ ცენტრის სიახლოვეს დაგვაჯარიმა, მაგრამ გარდნერს მიზანმა უმტყუნა. კიდევ ორ წუთში მან ჯარიმის შესრულების უფლება უკეთეს პოზიციაზე მიიღო და გარდნერმა ანგარიში 6:3 გახადა. 22-ე წუთზე მალაღურაძე ვალდებული იყო წონასწორობა კიდევ ერთხელ აღედგინა, მაგრამ კარის გასწვრივ ახლო მანძილიდან გასატანი ჯარიმა მიზანს ააცილა. ამას საქართველოს ნაკრების მრავალფაზიანი კარგი შეტევა მოყვა. სისწრაფეში რომ არაფერი გამოვიდა, ფორვარდებმა მოკლე დარტყმებით წაიწიეს წინ, მაგრამ ზედ ხაზთან დაჯარიმდნენ.
მათ ნახევარზე გატარებულმა დაახლოებით ათმა წუთმა შედეგი ვერ გამოიღო, მერე ურჯუკაშვილი დაჯარიმდა, თამაშმა ცენტრის სიახლოვეს გადაინაცვლა და 34-ე წუთზე გარდნერმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, მაგრამ 40 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა. ამას კვლავ ქართველთა გარღვევა მოყვა, დავით კაჭარავამ ხაზი გაჭრა და დაახლოებით 30 მეტრით წინ წაიწია, მერე ბურთი მარცხნივ ურჯუკაშვილს მიაწოდა, მან ზიბზიბაძე მოძებნა, თუმცა, ჩათვლის მოედნამდე სამიოდე მეტრიღა რომ რჩებოდა, ის გვერდით ხაზს იქით გადაიყვანეს. საქართველოს ნაკრების ტერიტორიული უპირატესობა ქულებში ტაიმის მიწურულს მაინც აისახა. მეტოქის შერკინების მოგების შემდეგ, ბურთი ხაზზე ჩათამაშდა, მალაღურაძემ მარჯვნივ სისწრაფეაკრეფილი კაჭარავა მოძებნა, რომელმაც ხაზი გაჭრა და პორტუგალიელთა ჩათვლის მოედანში შეხტა, მალაღურაძემ კი რეალიზაცია გამოიყენა და ტაბლოზე 10:6 დაფიქსირა. რატომღაც, რეფერიმ შესვენებისა ჩასტვინა, არადა, ეკრანზე გამოსახული დრო ჯერ მხოლოდ 38-ს უჩვენებდა.
მოკლედ, საქართველოს ნაკრები არეულ რაგბს კი თამაშობდა, შეუთანხმებლად მოქმედებდა და გადაწყვეტილებების მიღებაც გვიანდებოდა, რის გამოც ძვირფასი წამები იკარგებოდა, მაგრამ “ბორჯღალოსანთა” ძალისმიერმა თამაშმა შედეგი მაინც მოიტანა. საერთო სურათი უკეთესის სურვილს ტოვებდა, მაგრამ მეორე ნახევარში თითქმის არაფერი შეცვლილა. ქართველი მორაგბეები დაცვაში უკეთ თამაშობდნენ, ვიდრე შეტევაში, პორტუგალიელებს საკუთარ ნახევარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ და მასპინძლებიც მხოლოდ ჯარიმების იმედად იყვნენ.
მეორე ტაიმი სამი წუთის დაწყებული იყო, როდესაც გარდნერმა 25 მეტრიდან სხვაობა მინიმუმდე დაიყვანა. საქართველოს ნაკრებმა შეტევა სცადა და მეტოქის 22-მეტრა ხაზში შევიდა, მაგრამ ცუდი პასის გამო მომენტი დაიკარგა. ამას პორტუგალიელთა აბრაგანი მოყვა, ურჯუკაშვილმა და გუგავამ შეუთანხმებლად ითამაშეს და მეტოქეს სალელოვე სწრაფი შეტევის განვითარების შანსი მიეცათ, მაგრამ გადაცემა წინ გამოუვიდათ და ბურთი დაკარგეს. 57-ე წუთზე, მეტოქის ნახევარზე, ცენტრის სიახლოვეს, ჩხაიძე რაქში გვერდიდან შევიდა და რადგან რეფერის მანამდე სიტყვიერად ყავდა გაფრთხილებული, ყვითელი ბარათი უჩვენა. კაცნაკლულმა “ბორჯღალოსნებმა” ბურთის მეტოქის ნახევარზე შენარჩუნება მოახერხეს, მე-60 წუთზე პორტუგალიას დაჯარიმება აიძულეს და შეცვლაზე შესულმა კვირიკაშვილმა დაახლოებით 28 მეტრიდან შანსი ხელიდან არ გაუშვა - 13:9.
67-ე წუთზე კაცნაკლულმა “ბორჯღალოსნებმა” კარგი შეტევა წამოიწყეს და ლელომდეც სულ ცოტა რჩებოდათ, მაგრამ მიმყოლებმა დააგვიანეს და სუთიაშვილი აუტში გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, ქართველი მორაგბეები ბურთს აკონტროლებდნენ და თამაში მეტოქის ნახევარზე მიდიოდა, სანამ უხეშმა შეცდომამ თითქმის ყველაფერი თავდაყირა არ დააყენა. ბურთი ცენტრთან დაიკარგა, პორტუგალიელმა მას ფეხი წაკრეს და ბოლო მცველიც ადგილზე არ იყო, მაგრამ კვირიკაშვილმა მეტოქეს სისწრაფეში აჯობა და ასპროცენტიანი ლელოსგან გვიხსნა, რაქიდან გამოტანილი ბურთი კი, მასპინძლებს წინ დაუვარდათ.
შერკინებიდან ბურთის სათანადოიდ გატანა ვერ მოხერხდა, ჩხაიძის შეცვლის შემდეგ 8-ნომრად გადასული სუთიაშვილი ჩახურვისთვის დაჯარიმდა და 22-ის ხაზიდან კებრალმა 75-ე წუთზე სხვაობა კვლავ მინიმუმამდე დაიყვანა - 13:12. კვირიკაშვილს სტატუსქვოს აღდგენის შანსი ერთ წუთში მიეცა, მაგრამ 38 მეტრიდან ბურთი ძელებსშუა ვერ გააძვრინა. მასპინძლებმა ხელდახელ სცადეს შეტევა და ცენტრამდეც მიაღწიეს, მაგრამ იქ ქართველები ისე გამაგრდნენ, თითქოს საკუთარი ჩათვლის მოედნის ხაზზე იდგნენ, სუფთა თამაშით მეტოქეს დაახლოებით 10 მეტრი უკან დაახევინეს და ბოლოს მათსავე ნახევარზე შერკინების უფლებაც მოიპოვეს. “ბორჯღალოსნებმა” სწორედ აქ წააგეს საკუთარი შერკინება, რომელიც ლამის საბედისწერო აღმოჩნდა, მაგრამ კებრალის საოცარმა დარტყმამ ტაბლოზე 13:12 დატოვა და საქართველოს ნაკრებმა აქტივს ოთხი ქულა შემატა, პორტუგალია კი, ერთი პრემიალური ქულით დაკმაყოფილდა.
პარალელურ შეხვედრებში, რუმინეთმა ბუქარესტში რუსეთს შანსი არ დაუტოვა 33:3 გაანადგურა, მაგრამ ბოლო წუთზე მეოთხე ლელოს გატანა ვერ მოახერხა და მხოლოდ 4 ქულას დასჯერდა. თავის მხრივ, ესპანეთმა უკრაინასთან აქცენტი თავიდანვე ლელოთა გატანაზე გააკეთა, მეტოქეს 35:13 სძლია და გამარჯვების ოთხთან ერთად ერთი პრემიალური ქულაც აიღო, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურამდე აღზევდა და რუმინეთი და რუსეთი უკან მოიტოვა.
ევროპის 2011-2012 წლების ერთა თასი. პირველი წრე
III ტური. 26 თებერვალი.
ლისაბონი. “სტადიო უნივერსიტარიო”.
პორტუგალია - საქართველო 12:13 (6:10)
პორტუგალია: 15. ენტონიუ ეგილარი, 14. გონსელუ ფორუ, 13. ფრედერიკუ ოლივეირა, 12. პედრუ სილვა, 11. ჟოზე ლიმა, 10. ჯოზეფ გარდნერი, 9. პედრუ ლეალი; 8. ტიეგუ ჟირეუ, 7. ჟიულიან ბარდი, 6. ვეშკუ უვე, 5. გონსელუ უვა, 4. ჟუან სევერიანუ, 3, კრიშტიან სპეშუკი, 2. ჟოაუ კორეია (კაპ.), 1. ჟუან მურე.
სათადარიგოები: 16. ლიონელ კონპერნი, 17. ენთონი ელვეში, 18. რუი დორეი, 19. ჟაკ ლერუ, 20. ჟოზე პინტუ, 21. პედრუ კებრალი, 22. ფრენსიშკუ მირა.
4 ჯარიმა: გარდნერი (3), კერბრალი
მწვრთნელი: ეროლ ბრეინი (ახალი ზელანდია)
საქართველო: 15. ბექა ურჯუკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა (21. ირაკლი ჩხიკვაძე 64), 10. ლაშა მალაღურაძე (22. მერაბ კვირიკაშვილი 51), 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპ.) (20. ბიძინა სამხარაძე 72), 8. გიორგი ჩხაიძე (19. ვიქტორ კოლელიშვილი 68), 7. სიმონ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 4. ლევან დათუნაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი (17. გოდერძი შველიძე 68), 2. აქვსენტი გიორგაძე (16. იური ნატრიაშვილი 51), 1. დავით ხინჩაგიშვილი (18. ვასილ კაკოვინი 51).
1 ლელო: კაჭარავა
1 გარდასახვა: მალაღურაძე
2 ჯარიმა: მალაღურაძე, კვირიკაშვილი
1 სინბინი: ჩხაიძე
მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ დიქსონი (შოტლანდია)
რეფერი: კლაუდიო პასაკანტანდო (იტალია)
რუმინეთი - რუსეთი 33:3
ესპანეთი - უკრაინა 35:13
1. საქართველო 3 3 0 0 135-15 14
2. პორტუგალია 3 2 0 1 57-49 9
3. ესპანეთი 3 1 0 2 59-101 6
4. რუმინეთი 2 1 0 1 50-27 5
5. რუსეთი 3 1 0 2 50-78 5
6. უკრაინა 2 0 0 2 16-97 0
IV ტური. 12 მარტი
საქართველო - რუმინეთი
ესპანეთი - პორტუგალია