Nov 11, 2010

მიხეილ სააკაშვილმა შევარდენის სარაგბო აკადემია დაათვალიერა

10 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე "შევარდენის" სარაგბო აკადემიას ესტურმა და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. სააკაშვილთან ერთად, სარაგბო აკადემიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. 
პრეზიდენტმა საქართველოს 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა ახლადგახსნილ აკადემიაში მიულოცა და მათ თავდადებული თამაშისათვის მადლობა გადაუხადა.

„სპორტის ამ სახეობაში მგონი გინესის რეკორდი დავამყარეთ, რადგან ადრე მხოლოდ ერთი მოედანი გვქონდა და ერთი მოედნის გუნდი მსოფლიო კლასის ნაკრები გახდა. საფრანგეთში რაგბის ბოლო ჩემპიონატს დავესწარი და უნდა ვთქვა, რომ იქ საქართველოს ნაკრებს ცალკე ფანკლუბი ჰყავდა. 

რაგბს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში - ინგლისში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში... მინდა დიდი მადლობა გითხრათ თქვენი ვაჟკაცური განცხადებისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გააკეთეთ - რომ თქვენი გამარჯვება 2008 წელს დაღუპული ბიჭების ხსოვნას მიუძღვენით. ეს საქართველომ დააფასა.  

სპორტის ზოგიერთ სახეობაში ზოგს ჰიმნსაც ვერ ამღერებ. ჩვენი მორაგბეები სწორედ იმიტომ იგებენ, რომ ჰიმნიც იციან და საქართველოს სახელითაც ამაყობენ. როდესაც სიამაყის გრძნობა გაქვს, წაგება არ გინდა. ჩვენ ვიწყებთ რაგბის მოედნების მშენებლობას ფოთში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, გორში. 2012 წელს სერიოზული ინფრასტრუქტურა - 19 მოედანი გვექნება. ამ სპორტით ბავშვებიც დაინტერესდებიან, როდესაც სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილებს სპორტი ჩაანაცვლებს" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  

რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამით, დაგეგმილია თბილისის მასშტაბით 12 სტანდარტული სათამაშო-სავარჯიშო სარაგბო ბაზის მოწყობა. სარაგბო მოედნები აშენდება ასევე ფოთში, რუსთავში, გორში, თელავში, სენაკში, ქუთაისში, ბათუმსა და მარტყოფში. 2012 წლისთვის სარაგბო ინფრასტრუქტურის პროექტი საქართველოს მასშტაბით მთლიანად დასრულდება.

"შევარდენის" კომპლექსში, რომელიც კომპანია ”ქართუ ჯგუფის” მეშვეობით აშენდა, ტრიბუნა 1700-მდე ადამიანზეა გათვლილი. აკადემიაში მოწყობილია გასახდელები, საშხაპეები, სატრენაჟორო დარბაზები და სამსაჯო ოთახები. ახლად გახსნილი შენობა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მოწყობილია ხელოვნურ და ბუნებრივსაფარიანი მოედნები, მომავალი წლისათვის კომპლექსს 60 კაცზე გათვლილი სასტუმრო შეემატება. 

"შევარდენის" სარაგბო აკადემია ოფიციალურად 18 ნოემბერს გაიხსნება, წლის ბოლოს კი სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე "სინათლის" სავარჯიშო-სათამაშო ბაზის მშენებლობა დასრულდება.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად, საქართველოში ერთ-ერთი ასაკობრივი ჩემპიონატის ჩატარების შესახებ ისაუბრა, რაზეც პრეზიდენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა მიიღო.

Nov 10, 2010

U17 უკრაინულ ტურნეზე

საქართველოს 17წლამდელთა ნაკრები უკრაინაში, ათდღიან ტურნეზე გაემგზავრა, რომელიც უკრაინისა და მოლდოვის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებებთან ამხანაგურ შეხვედრებს ითვალისწინებს. ტურნეს იდეა საქართველოს რაგბის კავშრმა შესთავაზა უკრაინის ფედერაციას, რომელთანაც უკვე დიდი ხნის მეგობრობა აქვს.

საქართველო და უკრაინა, ბოლო ოსრი წელია ხშირად ხვდება ერთმანეთს საკლუბო, თუ სანაკრებო დონეზე: 2008 წელს, ფოთში გამართულ 17წლამდელთა შავი ზღვის ტურნირში, უკრაინული გუნდიც იღებდა მონაწილეობას; ქართული რაგბის 50 წლისთავთან დაკავშირებით, უკვე უკრაინის ნაკრები გვესტუმრა, რომელსაც, ისევე, როგორც პოლონეთს, საქართველოს „ა“ ნაკრები ეთამაშა. ამ ზაფხულს თბილისში გამართულ „შავი ზღვის თასის“
გათამაშებაზე, ოდესური გინდი „კრედო“ იყო ჩამოსული, რომელმაც საკმაოდ კარგად იასპარეზა., უნდა ითქვას, ოდესა უკვე უკრაინის სარაგბო ცენტრად ჩამოყალიბდა. ამას გარდა, წლეულს, უკრაინის ნაკრები ევროპის ერთა თასის A1 დივიზიონში ამოვიდა. აქედან გამომდინარე, გაისად, თებერვალში, ბორჯღალოსნებს მათთან შეხვედრაც მოუწევთ.
ჩვიდმეტწლამდელტა ნაკრები უკრაინაში 26 ოქტომბერს გაემგზავრა. ჩვენი ჭაბუკები უკრაინის შესამაბის ასაკობრივ ნაკრებს ოდესის სარაგბო აკადეიის სტადიონზე შეხვდნენ და მოუგეს ანგარიშით 55-13.
.
 

ჭაბუკების მორიგი წარმატება ოდესაში

გრძელდება საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების ტურნე უკრაინასა და მოლდოვაში. ჩვენი ჭაბუკები უკვე შეხვდნენ უკრაინის შესაბაის ასაკობრივ ნაკრებს და ოდესის სარაგბო აკადემიის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გაიმარჯვეს ანგარიშით 55 – 13.

2 ნოემბერს, იმავე სტადიონზე მორიგი მატჩი შედგა: ამჯერად, ოდესის სტუდენთა რეგიონალურ ნაკრებთან, რომელიც ჩვიდმტწლიანების გარდა, 18 – 21 წლის მოთამაშეებსაც აერთიანებს. ქართველმა ჭაბუკებმა კვლავ დაჯაბნეს მეტოქე; თანაც, ანგარიშში გაცილებით დიდი სხვაობით - 69:3.

17წლამდელთა ნაკრების მენეჯერის, ოთარ იაშვილის სიტყვით, ქართველების უპირატესობა თამაშის ყველა კომპონენტში აშკარა იყო. 

2 ნოებრის მატჩს ოდესის კლუბ „კრედო 63“ -ის ქართველი მოთამაშეები ესწრებოდნენ და თავიანთ თანამემამულეებს გულშემატკივრობდნენ. როგორც ცნობილია, ოდესის „კრედო“ წლეულს , ზაფხულს, საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო საკლუბო ტურნირის - „შავი ზღვის თასის გათამაშების“ მონაწილე იყო და საკმაოდ კარგადაც იასპარეზა. თავად ქალაქი ოდესა კი ნელნელა უკრაინული რაგბის ცენტრი ხდება.
ახალგაზრდა ქართველი მორაგბეების ტური 4 ნოემბერს დასრულდება მოლდოვის ნაკრებთან შეხვედრით. მატჩი კიშინიოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ანანში გაიმართება.
 

გორგოძე დასაჯეს

საფრანგეთის რაგბის ფედერაციის სადისციპლინო კომისიამ ”მონპელიეს” ქართველ ლეგიონერს მამუკა გორგოძეს 20 დღიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

ამგვარი სასჯელით მამუკა ჩხუბისათვის დაისაჯა, თუმცა სადისციპლინო კომისიამ არც მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშე ალექს ტოლუ დაინდო და ისიც 20 დღით ჩამოაშორა მოედანს. მორაგბეები თავიანთ გუნდებს 28 ნოემბერს დაუბრუნდებიან.

მინისტრმა 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი 1 ნოემბერს სამინისტროში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებისა და ასევე მსოფლიოს დედაქალაქების შვიდკაცა რაგბის ტურნირზე მეორე ადგილის მომპოვებელ 15-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს შეხვდა. 19-წლამდელმა მორაგბეებმა ბელგიაში 24-30 ოქტომბერს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი და 2011 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საგზური მოიპოვეს. ფინალურ მატჩში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა" რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრები 38:7 დაამარცხეს.

15-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა კი შვეიცარიაში ჩატარებულ მსოფლიოს დედაქალაქების შვიდკაცა რაგბის ტურნირის ფინალში ითამაშეს და უძლიერეს სამხრეთ აფრიკასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.

ლადო ვარძელაშვილი:" ძალიან მაგრები ხართ ბიჭებო, ამ გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა გაახარეთ. ფინალური მატჩის დასრულებიდან 10 წუთში თქვენი გამარჯვება მთელმა საქართველომ გაიგო. ქართული დროშის აღმართვამ და ჰიმნის აჟღერებამ დიდი სიხარული მოგვიტანა. რაც მთავარია, თქვენი იმედი მომავლშიც გვექნება და გვჯერა, რომ წარმატებებს კიდევ მოგვიტანთ. მორაგბეებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება და თანადგომა ნამდვილად არ მოგაკლდებათ, თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ".

გია ნიჟარაძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): "ჯერ 15-წლამდელთა ნაკრებს მივულოცავ  გამარჯვებას. მათ ნამდვილად ღირსეულად ითამაშეს მსოფლიოს დედაქალაქების თასზე და სამხრეთ აფრიკასთანაც ბოლომდე იბრძოლეს. 19-წლამდელთა გამარჯვება კი ისტორიულია. ამ დრომდე საქართველოს არს ერთ ასაკობრივ ნაკრებს არ მოუგია ევროპის ჩემპიონატი. მაგარი კაცები ხართ, უზომოდ გაგვახარეთ და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეთ, რომ კარგი თაობა მოდის, რომელსაც თავისი სიტყვის თქმა მომავალშიც შეუძლია. გაისად, ეს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს და გვჯერა იქაც წარმატებით გამოვა".

საქართველოს 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია


საქართველოს 19-წლამდელ მორაგეთა ნაკრებმა ბელგიაში დასრულებულ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე იმარჯვა. ბრიუსელში 30 ოქტომბერს გამართულ ფინალურ შეხვედრაში ქართველმა 19-წლამდელებმა რუსეთის ნაკრები 38:7 დაამარცხეს. ქართველებმა რუსებს 5 ლელო, 5 გარდასახვა და 1 საჯარიმო გაუტანეს. 

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა და 2011 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ასაკობრივ ჩემპიონატზე გავიდა. მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მომავალ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

რუსეთის წინააღმდეგ გამართულ ფინალურ მატჩში ლელოები დავით ლოსაბერიძემ (2) გიგა თხილაიშვილმა, გიორგი აბრამიძემ და ლევან გოგოლაშვილმაგაიტანეს, 5 გარდასახვა და 1 საჯარიმო კი 10-მა ნომერმა - უშანგი მჭედლიშვილმაშეასრულა. მატჩის პირველი ნახევარი ახალგაზრდა ”ბორჯღალოსნებმა” 24:0 მოიგეს, მეორე ტაიმში კი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოოდ 38:7 იმარჯვეს. 

შეგახსენებთ, რომ ბელგიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, პაატა ნარიმანაშვილის მიერ მომზადებულმა ქართველმა 19-წლამდელებმა ფინალში რუსთა გაცამტვერებამდე, მეოთხედფინალში პორტუგალია 27:3, ნახევარფინალში კი რუმინეთი 29:3 დაამარცხეს.

ევროპის 19-წლამდელ მორაგბეთა ჩემპიონატი. ბელგია, ბრიუსელი, 30 ოქტომბერი

ფინალი

საქართველო - რუსეთი 38:7

საქართველო (სასტარტო შემადგენლობა):

 

15. ბახვა კობახიძე 14. ზურაბ ძნელაძე13. დავით ლოსაბერიძე12. ვანო გაბროშვილი11. გიორგი აბრამიძე10. უშანგი მჭედლიშვილი9. ჯიმი ღამბაშიძე1. ზურაბ ჟვანია2. მერაბ მატკავა3. ლევან ჩილაჩავა4. ბექა ბიწაძე5. კონსტანტინე მიქაუტაძე6. გიგა თხილაიშვილი7. გიორგი ტყეშელიაძე8. გიორგი ჭყოიძე.

5 ლელო: ლოსაბერიძე (10), თხილაიშვილი (19), აბრამიძე (21), ლოსაბერიძე (53), გოგოლაშვილი (59).5 გარდასახვა: მჭედლიშვილი (10, 19, 22, 55, 60)1 საჯარიმო: მჭედლიშვილი (5)